დღეს ოჯახის დაცვა, ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა – ეს არის ნამდვილი ბრძოლა ადამიანის ნამდვილი უფლებებისთვის, ეს არის ბრძოლა სიცრუესთან, ბოროტებასთან და, შეიძლება ითქვას, ეს არის ბრძოლა სიკვდილის კულტურასთან, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიოს მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიო მუჯირის განცხადებით, „ღმერთმა ადამიანი შექმნა, როგორც ოჯახი“.
„მეუფენო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – ოჯახის სიწმინდის დღეს. დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ რატომ არის ეს ორი ცნება – ოჯახი და სიწმინდე ერთმანეთთან დაკავშირებული. საერთოდ, რა არის სიწმინდე, წმინდა? თქვენ იცით ბიბლიური სწავლებიდან, რომ ეს არის ყოველივე ის, რაც საღვთოა, რაც ღვთისგან მომდინარეობს, რაც საღვთო მადლის განსაკუთრებული შეხებით არის აღბეჭდილი, რაც ღვთისმსახურებისთვის არის განკუთვნილი და შეწირული, რაც გამოყოფილია ყოველივე საეროსგან. და აი, ოჯახიც სწორედ მიიჩნევა და იწოდება სიწმინდედ, იმიტომ, რომ ეს არის ისეთი ფორმა ყოფიერებისა, რომელიც ადამიანის მიერ კი არ არის მოგონილი, როგორც რომელიმე ინსტიტუცია, არამედ ეს არის პირადად ღვთის მიერ ბოძებული. ამიტომ ოჯახი გახლავთ სიწმინდე.
დასაბამიდანვე ღმერთმა ადამიანი შექმნა, როგორც ოჯახი. თქვენ იცით სწავლება იმის შესახებ, რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად. წმინდა მამათა ნაწილი მიიჩნევს, რომ ყოვლადწმინდა სამების ხატება ჩვენს ბუნებაში, ადამიანურ ბუნებაში არის სწორედ ოჯახი. როგორც ღმერთია ყოვლადწმინდა სამება, სამგვამოვანი და სამი ჰიპოსტასი, ასევე ადამიანიც არის სამი ჰიპოსტასი. ეს არის მამაკაცის ჰიპოსტასი, ქალის ჰიპოსტასი და ბავშვის ჰიპოსტასი. აი, ასე შექმნა ღმერთმა ადამიანი ღვთის ხატად იმისთვის, რომ ადამიანიც ცხოვრობდეს სიყვარულში, როგორც ყოვლადწმინდა სამება სუფევს მარადიულ სიყვარულში და თავად წყაროა სიყვარულისა, იმიტომ რომ ამ მიწიერ ცხოვრებაში არის ბევრი სიმწარე, ბევრი მწუხარება და ადამიანი ქრისტესა და ოჯახში პოვებს ბედნიერებას, პოვებს სიყვარულს. როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე: „არავის აქვს იმაზე მეტი სიყვარული, ვინც თავის სულს დადებს მეგობრისთვის“. და, აი, ოჯახში მამაკაცი თავს დებს თავისი ცოლ-შვილისთვის, ცოლი თავს დებს თავისი შვილებისა და ქმრისთვის, შვილები შემდეგ მადლიერების ნიშნად თავს დებენ თავიანთი მშობლებისთვის, არ ტოვებენ მათ სიბერეში, უვლიან და პატრონობენ. და ეს ურთიერთობები, ეს სიყვარული არის ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ამაღლებული რამ ამ სამყაროში. ამიტომაც არსებობს ასეთი გამოთქმა, ფილოსოფოსების მიერ წარმოთქმული: „ოჯახი – ეს არის პირველადი წიაღი ადამიანის კულტურისა და თუ ოჯახი დაინგრევა და მოიშლება, მაშინ ჩამოიშლება მთელი კაცობრიობაც“.
ჩვენ დღეს, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სწორედ ამას ცდილობენ მავანნი თანამედროვე მსოფლიოში. ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევისა და ჩამოშლისა, როდესაც თავს ესხმიან ქალის და მამაკაცის ქორწინებას, როგორც ქორწინების ერთადერთ ნორმალურ და ღვთივდადგენილ ფორმას, თავს ესხმიან ადამიანის სიცოცხლეს, ჩასახვის მომენტიდან ვიდრე ბუნებრივ გარდაცვალებამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ კანონმდებლობების დონეზე თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების, დოკუმენტების დონეზე მტკიცდება ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, ახალისებს სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, გენდერულ იდეოლოგიას, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას და ა.შ. სამწუხაროდ, იმასაც ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც პოვა ნაწილობრივ ამ ყველაფერმა ასახვა.
მინდოდა, მეთქვა ასევე, რომ ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი საშინელი რამ, რაც არის ბავშვებისათვის სქესის შეცვლა, სქესის შეცვლის დანერგვა და ამის წახალისება. ვინც ამ ყველაფერს ეთანხმება და აკანონებს, ისინი ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ ან არ უნდათ მთავარი რამის დანახვა, რომ ადამიანს აქვს მთავარი უფლება, რომ, უბრალოდ, დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე. მაშინ იბადება კითხვა: რის საფუძველზე ართმევენ პატარა ბავშვს ამ უფლებას და რის საფუძველზე მიიჩნევა დედის მუცელში ასეთი ბავშვის მოკვდინება კანონიერ საქმედ?
ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ოჯახის დაცვა, ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა, ეს არის ნამდვილი ბრძოლა ადამიანის ნამდვილი უფლებებისთვის. ეს არის ბრძოლა სიცრუესთან, ბოროტებასთან და, შეიძლება ითქვას, ეს არის ბრძოლა სიკვდილის კულტურასთან. ის ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, იწოდება სიკვდილის კულტურად და არა – სიცოცხლედ. ამიტომ დღეს ყველა საღი გონების მქონე ადამიანის ვალია, დაიცვას ოჯახის სიწმინდე, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ ვიცავთ ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახის სიწმინდეს და ამ პრინციპებს, ჩვენ ამით ვიცავთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ხალხს გადაგვარებისგან და, საერთოდ, სრული განადგურებისგან.
ღმერთმა დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს, ღმერთმა ინებოს ჩვენი ოჯახების გამრავლება და გაძლიერება, ღმერთმა ინებოს, რომ საქართველომ დაძლიოს ეს დიდი განსაცდელი და მიუღებელი გახდეს ჩვენთვის, აი, ეს სიკვდილის კულტურა, ეს დიდი მანკიერებები, იმიტომ, რომ როცა ადამიანი ლოცულობს და ღმერთს სთხოვს რამეს, ან ადამიანთა ჯგუფი, ან, თუ გნებავთ, ერი, პირველი პირობა არის – ამ ლოცვასთან ერთად გამოასწოროს, თუკი რაიმე აქვს მძიმე ცოდვა ღვთის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თხოვნა არ შესრულდება. უფრო მეტიც, სასჯელი იქნება მისთვის ეს. ამიტომ თუ ჩვენ ამ ყველაფერს არ უარვყოფთ, თუ ჩვენ ამ მანკიერებებს დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში, ასეთი კითხვა ჩნდება: ღირსი ვიქნებით, რომ ვიყოთ ერი, რომელიც იქნება ძლიერი, გამარჯვებული, გამთლიანებული და ამაღლებული?! აი, ამაზე ვფიქრობთ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო. დაგვლოცოს ღმერთმა, ჩვენი ოჯახები ამრავლოს ღმერთმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და მფარველობით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.