მეუფე შიო (მუჯირი) - გილოცავთ ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს, ინებოს უფალმა, რომ ჩვენ კრძალულებით ვისმინოთ ღვთის სიტყვა და შევასრულოთ იგი
მეუფე შიო (მუჯირი) - გილოცავთ ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს, ინებოს უფალმა, რომ ჩვენ კრძალულებით ვისმინოთ ღვთის სიტყვა და შევასრულოთ იგი

ინებოს უფალმა, რომ ჩვენ კრძალულებით ვისმინოთ ღვთის სიტყვა და შევასრულოთ იგი, დავემორჩილოთ ამ სიტყვებს, რომელიც მამაზეციერმა წარმოთქვა თავის მხოლოდშობილ ძეზე – ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის, მისი ისმინეთ. მოგვცეს უფალმა მადლი და ძალა, რომ მისი ვისმინოთ და მაშინ მუდამ იქნება ჩვენზე ყოვლაწმინდა სამების კურთხევა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ საზოგადოებას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და ამ დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ ვგალობთ: „განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ მოისახა ჩვენზედა“. ამ დღესასწაულს კიდევ ეწოდება ღვთის განცხადება. უფალი იესო ქრისტე მიდის იორდანეზე, იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც იქ მონანიე ცოდვილებს წყლით ნათლავდა. უფალს ცოდვები არ ჰქონდა, მაგრამ იგი მიდის წმინდა იოანესთან იმისთვის, რომ, როგორც თავად ბრძანებს, აღასრულოს ყოველი სიმართლე. თავდაპირველად, იოანე ნათლისმცემელი მას შეაჩერებს და ეუბნება, – მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ ჩემთან მოდიხარო? მაგრამ შემდეგ მიუშვებს და წარმოთქვამს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სიტყვებს: – აჰა, ტარიგი (კრავი) ღვთისა, რომელიც იტვირთავს კაცობრიობის ცოდვებს. რას ნიშნავს წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეს სიტყვები? ეს ნიშნავს, რომ მესია და მხსნელი სოფლისა, რომლის მოლოდინზეც ამდენია ნათქვამი წმინდა წერილში, მოევლინა კაცობრიობას, დღეს მოვიდა და განეცხადა სოფელს. შემდეგ, როდესაც წმინდა იოანე ნათლავს იესო ქრისტეს და იტყვის მასზე, რომ ეს არის მესია, ზეცა გაიხსნება და მაღლიდან გაისმის მამა ღმერთის ხმა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც ჩემთვის სათნოა. აი, ასე მოხდა იორდანეს წყლებზე ყოვლაწმინდა სამების გამოცხადება და როგორც ტროპარშია ნათქვამი, „რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა“. აი, აქ ასევე გამოჩნდა და გამოვლინდა ყოვლაწმინდა სამების პირთა შორის ურთიერთობის საიდუმლოც, რომ სულიწმინდა ღმერთი მამისგან გამოდის, რომ იგი განკაცებულზე ღმერთში დაივანებს. გამოვლინდა ასევე, რომ ყოველი ადამიანის სულის გადარჩენა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იესო ქრისტეში მამა ღმერთის ნებით და სულიწმინდის მადლით. ამიტომაც თავად უფალი იესო ქრისტე გვიბრძანებს ჩვენ, რომ ყოველი მორწმუნე უნდა მოინათლოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამრიგად, ნათლისღების მადლი თავის თავში ატარებს ყოვლაწმინდა სამების მიუაჩრდილებელ ნათელს და ძალას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდებულ დღესასწაულს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენ კრძალულებით ვისმინოთ ღვთის სიტყვა და შევასრულოთ იგი, დავემორჩილოთ ამ სიტყვებს, რომელიც მამაზეციერმა წარმოთქვა თავის მხოლოდშობილ ძეზე – ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის, მისი ისმინეთ. მოგვცეს უფალმა მადლი და ძალა, რომ მისი ვისმინოთ და მაშინ კურთხევა მუდამ იქნება ჩვენზე ყოვლაწმინდა სამების – მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.