მეუფე შიო მუჯირი - დღეს, როცა მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა ოჯახური ღირებულებების უფრო აქტიური მხარდაჭერა
დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა ოჯახური ღირებულებების უფრო აქტიური მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა და მრევლს მიმართა.
მეუფე შიომ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დედაქალაქის მერო, ყოვლადსამღვდელონო, მღვდელმთავარნო, მამანო, დედანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, რომელიც ათი წელიწადია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება. გადმოგცემთ მის დალოცვას, კურთხევას.
საუკუნეების განმავლობაში ოჯახი ყოველთვის სიწმინდედ ითვლებოდა ჩვენს ეკლესიაში, მაგრამ დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა ოჯახური ღირებულებების უფრო აქტიური მხარდაჭერა და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის.
ადამიანი ღმერთმა დასაბამიდანვე შექმნა, როგორც ოჯახი, ამდენად ოჯახი არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც თავად ღვთისაგან მოგვეცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ოჯახს სიწმინდეს. როგორც იცით, ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად. წმინდა მამების ნაწილი ამბობს, რომ სწორედ ოჯახი არის ყოვლადწმინდა სამების ხატების ერთ-ერთი გამოვლინება ადამიანში. როგორც ღმერთს აქვს ერთი ბუნება და სამი ჰიპოსტასი, ასევე ოჯახსაც აქვს სამი ჰიპოსტასი – მამაკაცის ჰიპოსტასი, ქალის ჰიპოსტასი და ბავშვის ჰიპოსტასი, ადამიანი მოწოდებულია, ყოვლადწმინდა სამების მსგავსად იცხოვროს სიყვარულში. ოჯახში უკავშირდება ერთმანეთს სხვადასხვა თაობა. უფროსი თაობისგან უმცროს თაობას გადაეცემა სულიერი და კულტურული გამოცდილება“, – განაცხადა მეუფე შიომ.