მეუფე შიო მუჯირი - ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
მეუფე შიო მუჯირი - ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ

ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძართან განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი აუცილებლად უნდა იყოს მიღებული.

„ჩვენ დღევანდელ მსოფლიოში ვხედავთ, რომ ახალი სოციალური ტექნოლოგიების, გენდერული იდეოლოგიების გავლენით ოჯახი განიცდის დიდ ზეწოლას. მსოფლიოს ქვეყნებში, რომლებიც მოწინავედ იწოდებიან, პოლიტიკოსები იღებენ ისეთ კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება მარადიულ, ღმერთისგან დადგენილ ზნეობრივ ნორმებს, საზოგადოების ცხოვრების ტრადიციულ წესს, ყაიდას. მძიმე ცოდვა ცხადდება სიკეთედ, მეტიც, ღირსეულ ქმედებად, ღირსებად და ადამიანის ქცევის ერთ-ერთ ნორმალურ გამოვლინებად. ეს შედეგად იწვევს ერების დემოგრაფიულ კლებას, ოჯახის განადგურებას. ჩვენ ვხედავთ ამ ტენდენციების საქართველოში გადმოტანის მაგალითებსაც და სურვილს. ამის ნათელი დასტურია ის დიდი წინააღმდეგობა, რომელიც შეხვდა ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, რომელიც გულისხმობს სოდომური ცოდვის პროპაგანდის აკრძალვას მოზარდებსა და ბავშვებში.

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ჩვენი ბავშვები ამ მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორც შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე. იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვათ ასეთი გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, აუცილებლად უნდა მივიღოთ აღნიშნული კანონი.

მეტიც, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა, მათზე ზრუნვა და აღორძინება უნდა გახდეს ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი და მიმართულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ თუ დავეთანხმებით იმას, რომ ღმერთის მცნებების დარღვევა, ცოდვები არ არის საღვთო კანონის დარღვევა, არამედ არის ადამიანის ქცევის ერთ-ერთი ნორმალური გამოვლინება, მაშინ ჩვენ არათუ არ გავხდებით ჩვენი ქვეყნის გამთლიანების ღირსი, არამედ ჩვენივე ხელით მოვაწერთ ხელს ჩვენი ქვეყნის გადაშენებას, დაღუპვას. ამიტომ, ყველაფერი ის, რაც უკავშირდება ბიბლიაში დაგმობილი ცოდვების გამართლებას, ეს არის დიდი გამოცდა ჩვენი სარწმუნოების, უფლისადმი ერთგულების, თუ რამდენად გვაქვს შესაძლებლობა დღეს, დავამოწმოთ ჩვენი სარწმუნოება და ერთგულება ღვთის წინაშე, მთელი მსოფლიოს წინაშე. ამიტომ, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. ჩვენ თუ გვსურს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება, უნდა ვუერთგულოთ ღვთის სიტყვას, უფლის მცნებებს და არასდროს შევეგუოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ეცდებიან ჩვენში ცოდვის და სიწმინდის ზღვრის მოშლას, განსხვავების წაშლას; ვინც ეცდებიან ჩვენში ცოდვის პროპაგანდას და ცოდვის წარმოჩენას, როგორც სიკეთის, ღირსების და როგორც ადამიანის ქცევის ერთ-ერთ ნორმალურ გამოვლინებას. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

ამასთან, როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, მოხარულია, რომ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მათთან ერთად იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

„მოხარული ვართ, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან ბატონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე“, – განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.