მეუფე შიო - მსოფლიო მძიმე განსაცდელს გადის, ყოველგვარ განსაცდელში გვერდით იმყოფება იესო ქრისტე და გვეუბნება, „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ“
მეუფე შიო - მსოფლიო მძიმე განსაცდელს გადის, ყოველგვარ განსაცდელში გვერდით იმყოფება იესო ქრისტე და გვეუბნება, „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ“

ყოველგვარ განსაცდელში, დიდ აზვირთებულ ტალღებში იქვე, გვერდით იმყოფება უფალი იესო ქრისტე და გვეუბნება – „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ!“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, დღეს მთელი მსოფლიო მძიმე განსაცდელს გადის.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს სახარებიდან წაკითხული იყო ეპიზოდი იმის შესახებ, თუ როგორ მიცურავენ ნავით მოციქულები გენისარეთის ზღვაზე. უფალი იესო ქრისტე მათ გაუშვებს, რომ მასზე ადრე გადაეცურათ ზღვა და გასულიყვნენ მეორე ნაპირზე, ხოლო თვითონ დარჩეს მთაზე, რათა განმარტოებით ელოცა. ამით უფალი ხშირად გვაძლევს მაგალითს, რომ განმარტოებით ლოცვა აუცილებელია ჩვენი სულისთვის. იგი დამწუხრებული იყო, რადგან შეიტყო, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა ჰეროდემ და ამიტომ განსაკუთრებით სურდა, მარტო დარჩენილიყო და მთელი ღამის განმავლობაში ელოცა.

და აი, მაინც, როდესაც ის გადავიდა განმარტოებისთვის, თავიდან ესეც არ გამოუვიდა, რადგან იქაც ათასობით ადამიანი მიდის მასთან. სახარებაში ამ ეპიზოდამდე არის მოთხრობილი ხუთი ათასი კაცის დაპურების შესახებ, „თვინიერ ქალებისა და ბავშვებისა“. ესე იგი, წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იყო მასთან. ჯერ ესენი უნდა გაესტუმრებინა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ მრავალი შეკითხვა, ამ ყველაფერზე იგი პასუხობდა, გარდა ამ დაპურებისა და ამდენი სასწაულისა, ესაუბრებოდა და ამიტომ მოციქულები მასზე ადრე გაამგზავრა შინ.

აი, ამ ტბაზე, რომელიც იმდენად დიდია, რომ გენისარეთის ზღვას უწოდებენ და იმჟამად მასთან ახლოს ცხოვრობდნენ მოციქულები, ატყდება საშინელი ღელვა, ქარიშხალი და მოციქულები აღმოჩნდებიან ამ ქარიშხალში. უფალი ხედავს ამ ყველაფერს მთიდან, სადაც ის ლოცულობს და გადაწყვეტს, პირდაპირ წყალზე გაიაროს, წყალზე სვლით მიდის მათთან, მათ ნავთან. მოციქულებს, რა თქმა უნდა, შეეშინდებათ, როცა დაინახავენ მას, იფიქრებენ, რომ მოჩვენებაა, შეჰყვირებენ, მაგრამ უფალი ეტყვის: „მხნედ იყავით, ეს მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ მაშინ პეტრე, როგორც ყველაზე მხურვალე და მოშურნე ეტყვის: „თუ შენ ხარ, უფალო, მიბრძანე, რომ მეც გადმოვიდე ნავიდან, შენთან მოვიდე და გავიარო წყალზე“. უფალი ეტყვის: „მოდი!“ – პეტრე გადმოდის ნავიდან, იწყებს წყალზე სიარულს, უახლოვდებდა უფალს, მაგრამ დაინახავს იმ საშინელ ქარიშხალს, მღელვარებას, შეეშინდება და იწყებს ჩაძირვას, მაგრამ ეტყვის ქრისტეს: „უფალო, მიხსენ მე, დამეხმარე!“ უფალი მაშინვე ხელს უწვდის მას, მასთან ერთად ადის ნავზე, ეს ქარიშხალიც ჩადგება და მოციქულები აღიარებენ მას ღმერთის ძედ და ამბობენ, რომ „ჭეშმარიტად ღმრთის ძე ხარ შენ!“

აი, ასეთი ეპიზოდია წაკითხული დღეს სახარებიდან, მაგრამ ეს სახარება არ ეხება მხოლოდ იმ ეპიზოდს, რადგან რაც კი შეემთხვა იესო ქრისტეს, როგორც ის ცხოვრობდა, როგორც ის ურთიერთობდა ადამიანებთან, ეს ყველაფერი ჩვენც გვეხება, თუ როგორ ვურთიერთობთ ჩვენ უფალ იესო ქრისტესთან.

აი, ამ ეპიზოდს აქვს იგავის მნიშვნელობა, ის მოქმედებს, როგორც იგავი. არის სიტყვიერი იგავი, მაგრამ იგავი, მასში ჩადებული აზრი შეიძლება გადმოცემული იყოს მოქმედებითაც.

მაშ, რა არის ამ იგავში ჩადებული მოქმედების აზრი? ის, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება – ეს არის ქარიშხლებით სავსე ზღვაში ცურვა, ეს ქარიშხალი შეიძლება იყოს ისტორიაში, შეიძლება იყოს ქვეყანაში, შეიძლება იყოს ოჯახში, შეიძლება იყოს ჩვენს გულებსა და გონებაში, სახარებაში წერია: „პირქარი უბერავდაო“, ამას პირქარი ეწოდება, არსებობს „ზურგქარი“, რომელიც გეხმარება და არის კიდევ „პირქარი“.

აი, ეს ქარიშხლები ლამობენ, ჩაგვძირონ, დაგვანგრიონ, მოსპონ ყველაფერი, რაც კარგია, კეთილია, ნათელია და ჩაგვძირონ შიშის, მწუხარების, სასოწარკვეთილების მორევში. ყველა ადამიანი ამ ზღვაზე მიცურავს თავისი ნავით, ასე ამბობენ წმინდა მამები. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ როცა შეეხებათ ეს ქარიშხლები, შეუძლებელია, იქ, სადმე ახლოს ღმერთი იყოს, ისეთი განსაცდელებია ხოლმე, განსაკუთრებით – დღეს მთელი მსოფლიო გადის მძიმე განსაცდელს და ჩვენ, ყველანი, კორონავირუსის სახით რამდენი ადამიანი იღუპება. თუ რაიმეს შეიძლება დაერქვას ქარიშხალი, ალბათ ამას შეიძლება დაერქვას ცხოვრებისეული მღელვარება.

ბევრს ჰგონია, რომ ღმერთი არ არის სამყაროში, ხალხში, მაგრამ დღევანდელი სახარებით უფალი გვეუბნება, რომ, პირიქით, ყოველგვარ განსაცდელში, ყოველგვარ მღელვარე, დიდ აზვირთებულ ტალღებში იქვე, გვერდით იმყოფება უფალი იესო ქრისტე და მზად არის, გვეუბნება ჩვენ: „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, მე თქვენთან ვარ!“ საკმარისია, ჩვენ მოვინდომოთ მისკენ სვლა; ჩვენი ურწმუნოების, ჩვენი მცირედ მორწმუნოების გამო, ჩვენ უბრალოდ ეს ხმა არ გვესმის, თორემ უფალი ამას ყოველთვის გვეუბნება. ყველაზე მძიმე, საშინელ ადგილას არის, მოიპოვება იგი; საკმარისია, მოვისურვოთ, გადავიდეთ, მივიდეთ მასთან, შეგვიძლია, გავიაროთ ამ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; მაგრამ თუ ჩვენ დავეჭვდებით, როგორც პეტრე, მაშინ შეიძლება შევძახოთ უფალს: „მიხსენ, დამეხმარე მე!“ რა უთხრა პეტრეს უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც მან დაიწყო ჩაძირვა: „რატომ შეორგულდი, რამ დაგაეჭვა, მცირედმორწმუნეო?“ როგორც მოგახსენეთ, გაუწვდის მას ხელს და აიყვანს ნავზე. საკმარისაია, ჩვენც დავეჭვდეთ, შეგვეშინდეს, რაც გვემართება კიდეც, საკმარისია, მივმაროთ უფალს, შევძახოთ მას, ვუთხრათ: „შემეწიე მე, უფალო, დამეხმარე!“ – რომ იგი გამოგვიწვდის ხელს და უკვე წყალზე კი არ გაგვატარებს მასთან ერთად, არამედ ნავში აგვიყვანს, ეს ნავი არის დიდი ხომალდი – ეკლესია, რომელიც უფალმა დააარსა იმისთვის, რომ ადამიანებმა გადაცურონ ეს ზღვა, იმიტომ რომ ეკლესიის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. აი, ასეთია დღეს წაკითხული სახარება, ძვირფასო ძმებო და დებო.

წმინდა მამები ამაზე ხშირად წერენ; მაგალითად, ღირსი მამა მაკარი დიდი წერდა, რომ ზეციური მესაჭის გარეშე შეუძლებელია მღელვარე ზღვის გადაცურვა, აი, ამ მწარე განსაცდელების, აზვირთებული ტალღების გადალახვა და გადაცურვა შეუძლებელია. ამისთვის უნდა გვქონდეს რწმენა.

უფალმა ინებოს, რომ არ გვიმტყუნოს ჩვენმა სმენამ, რომ გვესმოდეს უფლის ეს სიტყვები: „ნუ გეშინიათ, მხნედ იყავით, განძლიერდით, რამეთუ მე თქვენთან ვარ“, ამინ!“,- განაცხადა მეუფემ ქადაგებისას.

დატოვე კომენტარი