მეუფე საბა აცხადებს, რომ სამტრედიაში გარდაცვლილი შაკო ბარამიძისთვის წესის აგების საკითხს პატრიარქთან განიხილავენ
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა არ გამორიცხავს, რომ სამტრედიაში გარდაცვლილ შაკო ბარამიძეს წესი ეკლესიამ ორმოცამდე აუგოს.
მისი თქმით, საკითხს წმინდა სინოდის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ. როდის გაიმართება სინოდის სხდომა, ჯერ უცნობია. მისივე თქმით, საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, საკითხზე პატრიარქთან სინოდის სხდომამდეც იმსჯელონ.
„რჯულის კანონით და საეკლესიო წესებით, ადამიანი, ვინც იყო გაწევრიანებული ორგანიზაცია „გირჩში“ იმ მიზეზით, რომ ჯარში არ წასულიყო, მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს, ის საეკლესიო სივრციდან გადის, ეკლესიის წევრობაზე ამბობს უარს. აქვს თუ არა მას ეს გაცნობიერებული, ეს ასეა. თუ ასე მოხდება, ასეთ პირებს ეკლესია ვერ მოემსახურება. ანუ, ეკლესია მისთვის საჭირო წესის აგებას ან სიცოცხლის შემთხვევაში ჯვრისწერას და ა.შ. თუ ადამიანი არ დაუბრუნდება ეკლესიის წიაღს სინანულით.
გამონაკლისს ვერ დავუშვებთ, სამწუხაროდ, რადგან თუ ერთ შემთხვევაში გავაკეთებთ გამონაკლისს, სხვამ რა დააშავა“, – განაცხადა მეუფე საბამ.