მეუფე ნიკოლოზი - ერთადერთ შემთხვევაში არ დავემორჩილებით კანონს, თუ მცნების დარღვევისკენ მოგვიწოდებს, დანარჩენი, აუცილებლად დავიცავთ და ვეცდებით, არც საზოგადოებას შევუქმნათ საფრთხე და არც საკუთარ თავს
საგანგებო მდგომარეობაა და ველოდებით რეგულაციებს, ინსტრუქციებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განუცხადა.
მან მედიასთან საუბრისას განმარტება გააკეთა, თუ რა რატომ იყო დილის საათებში სამების ტაძარში მისული პატრული. მისი თქმით, ისინი გამოძახებული იყვნენ და მათ თავიანთი ვალდებულება აქვთ.
„საგანგებო ვითარებაა ქვეყანაში და გამოიძახეს. მინდა გითხრათ, თვითონ ეს პრეზიდენტმაც ბრძანა და ველოდებით რეგულაციებს, ინსტრუქციებს. საგანგებო ვითარებაზე ყველა თანახმა ვართ, აუცილებელია, მაგრამ როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 10 ადამიანზე მეტი არ შეიძლება შეიკრიბოს, ამ ქალაქში მილიონ- ნახევარზე მეტი ადამიანია შეკრებილი ერთად, რას ნიშნავს, ათ ადამიანზე მეტის შეკრება, აუცილებლად უნდა დასახელდეს ფართობი ან მოცულობა, რამდენ კუბურ მეტრ სივრცეში. აქაც ხართ ჟურნალისტები ახლა შეკრებილი და რას ნიშნავს, რომ თქვენ არღვევთ ახლა კანონს? უნდა იყოს რეგულაციები.
ასეთი წესრიგი, დღეს რომ იყო სამების ტაძარში, მე არ მახსოვს. გამოვიდა არქიდიაკონი წირვის წინ და მოუწოდა ყველას, გადაიწია ხალხი და დადგა დისტანციაზე. კიდევ უფრო გამოვასწორებთ, ასე ერთბაშად, ერთ წამში ეს არ მოხდება, მაგრამ თანდათანობით. ჩვენ, ქრისტიანები ვართ კანონმორჩილი, ერთადერთ შემთხვევაში არ დავემორჩილებით კანონს, თუ ის მცნების დარღვევისკენ მოგვიწოდებს, დანარჩენი, აუცილებლად კანონს დავიცავთ და ყველანაირად ვეცდებით, რომ არც საზოგადოებას შევუქმნათ საფრთხე და არც საკუთარ თავს“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
მისივე თქმით, სამების ტაძარი გათვლილია 15 ათასი ადამიანის წირვაზე დასწრებაზე.
„როცა აშენდა ასე ითქვა, რომ ერთი კვადრატული მეტი თუ არის ერთი ადამიანისთვის, 15 ათასი ადამიანი შეიძლება დადგეს სამების ტაძარში. არის ტაძრები, სადაც არ არის ფართობი, როგორ შეიძლება ათი ადამიანი იყოს სამების ტაძარშიც და ვაკეში რომ სამების ტაძარი ან საჯარო ბიბლიოთეკასთან სამების ტაძარია, იქაც. ამიტომ, ეს რეგულაციები აუცილებლად უნდა ითქვას. ჩვენთან პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა გუშინ და ამაზე ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, ის დადგინდება. ვეცდებით, რომ ეს წესები დავიცვათ.
ეს უნდა გაითვალისწინოს მთავრობამაც, ჯანდაცვის ორგანიზაციებმაც, რომ ქართველები ვართ, ჩვენ რა თქმა უნდა უფრო უკეთესად რომ ვიყოთ განათლებული, აღზრდილი, უფრო გაწონასწორებული უფრო სწრაფად დავიცავდით ამ რეგულაციებს. აქ არის ის პრინციპი, რომ ადამიანს რომ უკრძალავ პირიქით აკეთებს, ხალხის რაოდენობა გაიზარდა ტაძრებში იმის შემდეგ, რაც ასეთი მოწოდებებია. რა გავაკეთოთ სინოდმა, დაადგინა რომ უნდა იყოს რადიოფიცირებული ტაძრები, დადგება ხალხი გარეთ, ასე წარმოგვიდგენია. მაგრამ თუ ამას არ შეასრულებს ადამიანი, ჩვენ ვერ ვაგებთ ამაზე პასუხს, სამართალდამცავებმა გააკეთონ, თუ შესაძლებელია“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, ადამიანებს უთხრა, არ მივიდნენ ეკლესიაში.
„ისიც არ შეიძლება, რომ ადამიანს და მით უმეტეს ეკლესიას უთხრა, გაქრით, ნუ ხართ, ვერ გავქრებით, თვითლიკვიდაციას ჩვენ ვერ გავიკეთებთ, რაც შეეხება რეკომენდაციებს დავიცავთ. ჩვენ არ გვეშინია გადადების, ჩვენ გვეშინია რომ არ გადავდოთ ეს ვირუსი, ამიტომ ისე გააკეთე, დაიცავი შენი თავი, დაიბანე ხელები პირველ რიგში, რომ შენს ხელზე არ იყოს ეს ვირუსი. ამისი გვეშინია, რომ არ გადავდოთ, გვეშინია ნამდვილად და ვცდილობთ, რომ არ გადავდოთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.