მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს, თუ ითხოვს, ე.ი. ბრალს აღიარებს
ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს. თუ ადამიანი შეწყალებას ითხოვს, ე.ი. ბრალს აღიარებს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე საუბრისას აღნიშნა.
„პრეზიდენტმა ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც თქვა თავის სიტყვაში და მათ შორის ძალიან საინტერესოდ თქვა სიტყვა შეწყალება. საეკლესიო გაგებით, ქრისტიანული აზრით არის სხვა შინაარსის და იურისპუდენციაში შეწყალება სხვა შინაარსის მატარებელია. ასე რომ, ღმერთმა შეიწყალოს ყველა ცოდვილი ადამიანი. ყველას გვჭირდება შეწყალება. არ თქვას ვინმემ, რომ რაიმე ცოდვას არ ჩაიდენს. ყველას შეიძლება ეს დაემართოს.
შეწყალება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დანაშაული ჩადენილი აქვს და ამას აღიარებს. ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს. თუ ადამიანი შეწყალებას ითხოვს, ე.ი. ბრალს აღიარებს. უნდა გავარკვიოთ, ბრალი რაში ედება და ამის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ“,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.
18 სექტემბერს გამოცხადებული მორატორიუმის შემდეგ, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გუშინ პირველად გამოსცა.
მსჯავრდებულთა შეწყალება ახალი წესის მიხედვით განხორციელდა, რომელიც 2019 წლის 27 ნოემბერს შევიდა ძალაში.