მეუფე ნიკოლოზი - არ გამოვრიცხავ, ამ სინოდზე არც ერთი ეპისკოპოსი არ გამოვარჩიოთ, რადგან მმართველის გარეშე დარჩენილ ყველა ეპარქიას ამ ეტაპზე ჰყავს დროებითი შემცვლელი
ეპისკოპოსად კურთხევა არ არის დაჯილდოება, სხვა ჯილდოები არსებობს, ეპისკოპოსობა არც დაწინაურებაა და არც ჯილდო, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე – დავით გარეჯის საქმეზე არქიმანდრიტ კირიონის მიერ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ იგეგმება თუ არა მისი დაჯილდოება და ეპისკოპოსად კურთხევა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ეპისკოპოსად გამორჩევა ჯილდო არ არის.
„მე შემიძლია, მხოლოდ ერთი რამ გითხრათ, რომ ეპისკოპოსად კურთხევა არ არის დაჯილდოება. ეპისკოპოსი რომ გახდება მთავარეპისკოპოსი, ან სხვა ჯილდოები არსებობს, ან მღვდელი მეორე ჯვრის ტარების უფლებას მიიღებს, ეს არის ჯილდო და ეპისკოპოსობა ჯილდო არ არის. ეპისკოპოსობა არ არის არც დაწინაურება და არც ჯილდო. სასულიერო პირს აჯილდოებს მისი ეპისკოპოსი, რომელ ეპარქიაშიც ის მსახურობს. შესაბამისად, თბილისის ეპარქიის მმართველი არის პატრიარქი და ის გადაწყვეტს დაჯილდოების საკითხს, თუ საჭიროა რომ დააჯილდოოს ადამიანი. მაგრამ მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით გითხრათ, ეპისკოპოსად კურთხევა ეს არ არის დაჯილდოება“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
მისივე თქმით, ეპისკოპოსად კურთხევა ხდება სრულებით სხვა ტიპის მოსაზრებებიდან გამომდინარე.
„რასაც თქვენ მეკითხებით, არანაირ კავშირში არ შეიძლება, იყოს გარეჯის საკითხთან. გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება მაქვს. მინდა, გითხრათ, რომ თქვენი შეკითხვა პირდაპირ კავშირში არ არის. სხვა კანდიდატებზეც ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი შემიძლია, გითხრათ, რომ ნამდვილად გვჭირდება შევსება სინოდში. არ გამოვრიცხავ, რომ ამ სინოდზე არც ერთი ეპისკოპოსი არ გამოვარჩიოთ, რადგან ამ ეტაპზე ყველა ეპარქია, რომელიც არის, ასეთი საეკლესიო ტერმინი არსებობს – დაქვრივებული ეპარქია, რომელიც დარჩენილია მმართველის გარეშე, ყველა ეპარქიას ჰყავს დროებითი შემცვლელი. ჯერჯერობით ავუდივართ ამ საკითხს. შეიძლება, ავირჩიოთ, შეიძლება, არ ავირჩიოთ“, – განაცხადა მეფე ნიკოლოზმა.