მეუფე იაკობი - უკვე მესამე მცდელობაა რევოლუციის, ქართველებმა ჭკუა ვისწავლეთ, ვერავინ მოესწრება მაგას, მინდა, ჩვენს ქვეყანაში ისე ვიცხოვროთ, როგორც ქართველებს გვინდა
ჩვენ ძლიერი ერი ვართ და მინდა, ყველამ იცოდეს ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვერავინ დაგვაჩოქებს, ჩვენ ერთადერთი უფალს ვადიდებთ და უფალს დავუჩოქებთ. მე ყველა იმ ქართველს დავლოცავ, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი დიდი წინაპრის დანატოვარი სამი სიტყვა: მამული, ენა, სარწმუნოება, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მეუფე იაკობის თქმით, ქვეყანაში უკვე მესამედ არის რევოლუციის მცდელობა და ამას აღარავინ დაუშვებს.
„ჩემი გამჩერებელი, ღმერთის გარდა, არავინ არის, არავის აზრს არ გავითვალისწინებ, როცა ჩემს ღმერთს ეხება საკითხი. მინდა, ევროპარლამენტზეც ვთქვა. მესამე მცდელობაა უკვე რევოლუციის და ვერავინ მოესწრება მაგას. ჩვენ, ქართველებმა, ჭკუა ვისწავლეთ უკვე და აღარავის გავაკეთებინებთ მასეთ რამეს. გამოდიან და იძახიან, არა რუსულ კანონსო. ვის უნდა რუსული კანონი? არც ფრანგული კანონი მინდა და არც სხვა ქვეყნების. მინდა, ჩვენს ქვეყანაში ისე ვიცხოვროთ, როგორც ქართველებს გვინდა. რეალურად, რას ემსახურება ევროპარლამენტის კიდევ ერთი რეზოლუცია? ფაქტობრივად, ისევ რუსეთს გადაგვცეს, კიდევ ერთხელ გაგვყიდეს, ისევე როგორც 21-ში, ისევე როგორც მანამდე. არ შემრცხვება ამ სიტყვის, კარგად დახედონ, თვითონ აკეთებენ ამას, ვითომ ევროკავშირის დაცვით. დეპუტატებს გადახედეთ, საიდან არიან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც საბჭოთა კავშირი როცა დაიშალა, „კაგებეს“ აგენტებისგან შემდგარი მთავრობები მოვიდნენ. დღეს ჩვენ გვაგინებენ. ახალგაზრდებს მინდა, ვუთხრა, რომ გადიხართ და დგახართ, შეხედეთ მიტინგებზე რა ხდება, გგონიათ, მაგას დავთმობთ? ერთი იყო წინა საუკუნეში, სერგო ორჯონიკიძეებმა, მეთერთმეტე არმიამ და ეგეთებმა გააგზავნეს კრემლში დეპეშა თავიანთ უფროსებთან, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო. ახლა იმდენი პარტიაა და ისეთი ჭრელები არიან, რომელ ქვეყანაში რა უნდა გაგზავნო? თბილისის თავზე რა უნდათ, ჭრელი დროშების აფრიალება? ვერასდროს ვერავინ ეღირსება მაგას, ეს საქართველოა და რაც არ უნდა ძლიერი ქვეყნები იყვნენ, ყველამ გაითვალისწინოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.