მეუფე იაკობი - შეშინებული კაცია ციხეში, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვიო
რომელ კომპრომატზეა საუბარი, შეშინებული კაცია ციხეში, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვიო, – აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი „რუსთავი 2“-თან საუბარში.
მეუფემ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ ციხიდან დაწერილ წერილზე ისაუბრა.
„ეს ახალი წერილი კი არ არის. თუ ვინმე ამბობს, რომ არ ვიცი, რა წერია წერილშიო, იტყუება. არაფერი ისეთი არ წერია. როდესაც ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა წაგვიკითხა, იქვე დაიბადა აზრი, რომ ასეთი ადამიანი არ შეიძლება, სასულიერო პირი იყოსო. ერთია, რომ წერ, მახარებელი ხომ არ არის, რომ რასაც წერს, ყველაფერი დაუჯერო, ხომ უნდა დაამტკიცო, რასაც წერ – შანტაჟი არის ჩვეულებრივი. თუ არ გამომიშვებენ, რაღაცები მაქვს და გამოვაქვეყნებ. გამოაქვეყნოს, რაც უნდა. უშუალოდ, კონკრეტული ფაქტები არ არის, ზოგადად ლაპარაკობს კორუფციაზე, ზოგადად ლაპარაკობს, ჭირვეულივით არის. თუ არ გამომიშვებთ, ამას ვიზამ, იმას ვიზამო. გააკეთოს, რაც უნდა“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.
მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
„რომელ კომპრომატზეა საუბარი, შეშინებული კაცია ციხეში, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვიო. ტყუილად რომ იყოს დაჭერილი, ხომ, ზოგიერთი სასულიერო პირი მაგას მოწამეს უწოდებს, ხოდა, თუ მოწამეა და აღმსარებელი, მაგის ჯვარს ტოვებს და გარბის იქიდან? თუ შენდობას ითხოვს, როგორც ითქვა, თავის წილ იმაზე, მაშინ ჩვენ გაგებით მოვეკიდებით ამას. თუ ასე ილაპარაკა მუქარით, გამოაქვეყნოს. ეგ გადასაწყვეტია პრეზიდენტის და თუ შეიწყალებს, არავის უფლება არა აქვს, მერე თქვას, რატომ შეიწყალაო. იმიტომ, რომ დისკრეცია იმის არის“, – ამბობს მეუფე.