მეუფე იაკობი - ქვეყნის არევის საშუალებას არავის მივცემთ, არც ერთი პარტია არ ღირს იმად, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე შეექმნას
ყველა ამბობს არახამიაზე, ჩემი მოგონილი არ არის, ომში იშოვა მილიარდი. რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა? გვარი აძლევს საშუალებას თუ რა? რა გაუკეთებია საქართველოსთვის კარგი, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქედან რაღაცებს გველაპარაკება, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა დღეს, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერ დავით არახამიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ქვეყნის არევის საშუალებას არავის მისცემენ და არც ერთი პარტია არ ღირს იმად, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე შეექმნას.
„90-იანი წლები ხომ არ არის, რომ მიტინგები, მიტინგები, სულ ქუჩა. ხომ ხედავ, რომ არ გაქვს ძალა, ავტორიტეტი არ შერჩათ, რომ ხალხი გაიყოლიონ. უცბად შეგროვდება ხალხი, რაღაც კარგი უნდათ და რომ დაინახავენ, ერთი და იგივე სახეებია, გარბიან, რადგან აღარ ენდობიან. იყვნენ უკვე სათავეში და მახსენდება ხოლმე ის ფილმი, ზოგიერთი პარტიის მხრიდან, კია კიაო რომ იძახის, ჩემო კია, ჩემო კიაო. იყავი ხომ? რაღას ტირი, გაგეკეთებინა როცა იყავი. ნუ უშლით ხალხს განვითარებას, ნუ უშლით ახალგაზრდობას ქვეყანაში დარჩენას. გამოდიან და ახლა მილიარდერი გახდა კაცი, ყველა ამბობს არახამიაზე, ჩემი მოგონილი არ არის, ომში იშოვა მილიარდი. თავიანთსას მიხედონ, ჩვენ ჩვენსას მივხედავთ. რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა? გვარი აძლევს საშუალებას, თუ რა? რა გაუკეთებია საქართველოსთვის კარგი, ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქედან რაღაცებს გველაპარაკება. ერთ რამეს კიდევ ვიტყვი, ვიცით ხოლმე, რა მზადდება, რა არა. ქვეყნის არევის საშუალებას არავის მივცემთ, ვინც არ უნდა იყოს, არც ერთი პარტია არ ღირს იმად, რომ საქართველოს მომავალს საფრთხე შეექმნას“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.