მეუფე იაკობი - ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, ზედმეტებში გადადიან, უნდათ, თავს მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ერისთვის მიუღებელია
ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მეუფემ 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დაპირისპირება ქვეყანას დაღუპავს.
„კარგად ვხედავთ რა ბოლო დროის პერიპეტიებს, უნდა შევეცადოთ, რომ რაღაც ისეთი გამოსავალი გამოვნახოთ, რომ ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, სახელმწიფო არ დავაზიანოთ და არ დავაზარალოთ. კარგად ვხედავთ ვნებათაღელვას და ეს დაპირისპირებული მხარე ძალიან ცუდია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება სხვადასხვა რაღაც წესები ჰქონდეთ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, საქართველოში ყველა წესი გადმოვიღოთ. რაც კარგია გადმოვიღოთ. ხალხში ასეთ ვნებას როცა ხელს უწყობ, ალბათ, უნდა გაიაზროს საზოგადოებას იმ ნაწილმა ის, რა შეიძლება მაგას მოჰყვეს.
ამას სხვანაირად ჰქვია ჩვენს საზოგადოების უდიდეს ნაწილზე ძალადობა და ასევე შევადარებდი მორალურ ტერორს, რადგან ძალით გამოიყვანო ქუჩაში და რაღაცა მოხდეს უბედურება, ეგეც არავის უნდა. ისედაც მყიფეა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ამიტომ ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია.
ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ ეს ასევე ითვალისწინებს სხვა პიროვნებასთან თანაცხოვრებასაც და არ შეიძლება ძალით მოახვიო ისეთი რამ, რაც მიუღებელია ერისთვის“,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ყველამ კარგად იცის, რა არჩევანსაც გააკეთებს საზოგადოების დიდი ნაწილი.
„ჩვენ კარგად ვიცით, რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ერის ძალიან დიდი ნაწილი რასაც დაუჭერს მხარს. ამიტომ, მინდა მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, ამ მორალურ ტერორს შეეშვან მოსახლეობის მიმართულებით და იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობენ. არავინ არავის არ ჩაგრავს, მაგრამ რაღაც მიუღებელი რომ მივიღოთ, ასეც არ გამოვა. თქვენ როგორც ხედავთ, პოლიტიკოსები ერევიან ამაში და ერთი მხარე, ასე ვთქვათ, თავის სიმართლეს ლაპარაკობს, მეორე მხარე თავის სიმართლეს და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დაღუპონ ისე წაიყვანონ. მე ამას ვხედავ, რაც შეიძლება მოხდეს“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.