მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში 19 აღმზრდელი დარჩება
ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის, მეუფე იაკობის განცხადებით, პანსიონში ამ ეტაპისთვის 19 აღმზრდელი დარჩება. მეუფე იაკობი აღნიშნავს, რომ დღესდღეობით მეტი თანამშრომლის საჭიროება არ არის.
მისივე თქმით, ნინოწმიდნის პანსიონში 40-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა.
„ჩვენთან ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო, ამ ეტაპზე 19 აღმზრდელი დარჩება, შემდეგ შევხედავთ. ხომ იცით, როგორი პროცესია, ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის არ ვაჩერებთ, ველოდებით იმას, როდის გადაიყვანენ, ვინც დარჩება, ვინც დღეს არის, სრულად უნდა ჰქონდეს მომსახურება და არაფერი მოაკლდეთ. ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა დავიცვათ. ჩვენ პრობლემა არ გავქვს ხოლმე უშუალოდ იმაზე, ვინ შემოვა, ვინ – არა, უბრალოდ, ძალიან დიდი ტრავმა მიიღეს, ამდენი ბავშვი იყო ერთად, უცბად, ბევრი წავიდა, ბავშვებთან რომ მივდივართ, ეს უნდა გავითავლისწინოთ, მიხვიდე კიდევ და კითხვები დაუსვა, ეს არის პრობლემა, სხვა არაფერი. 19 რომ რჩება ვიცი და რამდენი მიდის, ზუსტად არ ვიცი, 40-ზე მეტი იყო. დღეს საჭირო არ არის 19-ზე მეტი…
ვიზეც მექნება ინფორმაცია რამე დარღვევაზე, არავის არ ვკითხავ, ისე გავუშვებ…მეტი ადამიანის აქ ყოფნის საჭიროება დღეს არ არის. გადარჩევა მოხდება შემდეგ, ახლა დროებით მიდიან შვებულებაში და გადავხედავ სიტუაციას, ვინც უნდა დარჩეს, დარჩება, ვინც არა – არ დარჩება. არც პატრიარქი, არც მეუფე სპირიდონი და არავინ ჩემს საქმეში არ ჩაერევა. თქვენც (მედია) თუ დატოვებთ აქაურობას, ძალიან კარგი იქნება ბავშვებისთვის.
გავეცანი რაღაც-რაღაც მასალებს და რასაც გავეცანი, იმაზე აუცილებლად მივიღებ გადაწყვეტილებებს, მათ შორის საკადროს. მე რომ ამ ყველაფერს მოვრჩები, ყველას გეტყვით. საკადრო გადაწყვეტილება რასთან უნდა იყოს დაკავშირებული? ერთი – რადგან ამდენი ბავშვი გაიყვანეს, საჭიროება არ იქნება, მეორე – თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
ამასთან, მეუფე იაკობი ამბობს, რომ სახალხო დამცველს თბილისში შეხვდება.
„მე პირადად არასდროს მითქვამს, არ შემოვუშვებ სახალხო დამცველს. ვამბობ, რომ შევხვდები თბილისში აუცილებლად, არ მაქვს პრობლემა, თუნდაც ხვალვე შევხვდები, საპატრიარქოს უნივერსიტეტში“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის თანამდებობა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა (იაკობიშვილი) 14 ივლისს დაიკავა. მეუფე იაკობის თქმით, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა.