მეუფე გრიგოლი - თითოეული ქრისტიანი მზად არის, თავი გაწიროს ქრისტესთვის და არა ვირუსებისთვის, არა ტკივილებისთვის და არა იმ უბედურებისთვის, რომელთანაც განრიდებაა საჭირო
თითოეული ქრისტიანი მზად არის, თავი გაწიროს ქრისტესთვის და არა ვირუსებისთვის, არა ტკივილებისთვის და არა იმ უბედურებისთვის, რომელთანაც განრიდებაა საჭირო, – ამის შესახებ ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერ თავგანწირვას შინაარსი უნდა ჰქონდეს.
„როცა ჩვენ ქრისტიანული სიმაღლიდან ვსაუბრობთ ორ მცნებას, გიყვარდეს ღმერთი შენი და არასდროს არ შეიძლება ამის უარყოფა და განდგომა და გიყვარდეს მოყვასი შენი, არავინ გაიძულებთ, რომ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ავადმყოფობას შორის ღმერთსა და ვირუსს შორის. დღეს ჩვენ გეუბნებით, სახელმწიფო გვეუბნება, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს და აქ უფრო იმპერატიული ფორმაა და ადგილი აქვს ერთმანეთისადმი მოფრთხილებას.
ჩვენი რწმენა ქრისტეში არ ნიშნავს საღი აზრისგან განდგომას და უარყოფას. ჩვენ ყოველთვის საღი აზრის პატივისმცემელი უნდა ვიყოთ და საღი აზრი არ ნიშნავს ღმერთის განდგომას. დიახ, ამ პერიოდში დიდი განსაცდელია და კიდევ მოტივაციაა იმისთვის, რომ ვილოცოთ სახლში, ტაძრებში, ყველგან.
ტაძრები არ იკეტება. არ შეიძლება რეალობისა და სასურველის ერთმანეთში აღრევა. დღეს აქ ვართ, ტაძარში, ჩვენ მაგალითი უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს. ეუბნებიან ადამიანს, მოუფრთხილდი შენს თავს, მეზობელს, ნათესავს, გარბიან. ვერ უძლებენ ამას. როგორი სუსტები ვართ. საგანგებო იმით არის მდგომარეობა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს თვალწინ მტერს. თუ ადამიანი მოერიდება, არანაირად არ ნიშნავს ეს რწმენის სისუსტეს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.