მეუფე გრიგოლი - პაატა იმნაძის სიტყვებმა 1989 წელი გამახსენა, როცა მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალური იყო
ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა წირვა-ლოცვა აღავლინა.
მან კომენტარი გააკეთა „მოამბის“ ეთერში პაატა იმნაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.
მეუფე გრიგოლის თქმით, „ჩვენ გვესმის სიტყვები, საფრთხე რეალურია, ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე, ეს მსმენელი კი არის თოთოეულ მოქალაქე, ინსტიტუცია, მათ შორის ეკლესიაც“.
„მიჭირს პასუხის თქმა, თავი სიზმარში მგონია, მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არ არის. რეალობა ძალიან დამაფიქრებელია. ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებმა მე გამახსენა 1989 წელი, როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა, შეკრებილი იყო დიდძალი რიცხვი მწვანე ფორმიანი ადამიანებისა, რომლებიც ნიჩბებითა და ხელკეტებით იყვნენ მომართულები და ამ დროს მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალური იყო. აი, ამ სიტყვებით მიმართა, შესაძლოა სულ რამდენიმე წუთი გვაშორებს ამ საფრთხეს. რაც მოჰყვა ამას, ეს ჩვენ ვიცით. დღეს კვლავ გავიგეთ ეს სიტყვები, ოღონდ პაატა იმნაძისგან, საფრთხე რეალურია. დღეს უკვე ჩვენს თვალწინ არის ცოცხალი მაგალითები მთელ მსოფლიოში, როცა არის უდიდესი მსხვერპლი, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და საფრთხის ქვეშ არიან, მავანნი კიდევ მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. აი, ამ ფონზე ჩვენ გვესმის – საფრთხე რეალურია, თან გეტყვით ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე. ეს მსმენელი, ანუ ამის მიმღები და გამგონი, რა თქმა უნდა, ადრესატი არის თოთოეული მოქალაქე, თითოეული ინსტიტუცია, ვინც ამ ხალხზე არის პასუხისმგებელი და, რა თქმა უნდა, მათ შორის ეკლესიაც. ამ რეალობას და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერსად წავუვალთ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
პაატა იმნაძის განმარტებით, თუ გვინდა, რომ ერი გადარჩეს, ყველა უნდა დარჩეს სახლში, სხვა გამოსავალი არ არსებობს.
მისივე თქმით, მოწოდებების მკაცრად დაცვის შემთხვევაში, რჩება შანსი, რომ ცუდი სცენარები არ გამართლდეს.