მეუფე დავითი - არ ვამბობთ, როგორი იქნება აღდგომის ღამისთევა, ერთი ვიცით, რომ უნდა ვწიროთ და დღესასწაული აღვნიშნოთ
ალავერდის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა ჩაატარა. ტაძარში მოსულ მრევლს, მღვდელთმთავრის გადაწყვეტილებით, დისტანციის დაცვის მანიშნებელი დახვდა, ხოლო ზიარების მიღების შემდეგ მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ, სიტკბოება როგორც საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე ერთჯერადი ჭიქებიდან მიეღოთ.
წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა დავითმა იქადაგა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„წარმოუდგენელია, ტაძარში არ იყოს მსახურება. არ ვამბობთ, როგორი იქნება აღდგომის ღამისთევა, ის, რაც არ ვიცით, ხვალ რა იქნება, არ უნდა ვილაპარაკოთ. ერთი კი ვიცით, რომ უნდა ვწიროთ და დღესასწაული აღვნიშნოთ. როგორ იქნება და რანაირად იქნება, ღმერთი გამოაჩენს“, – განაცხადა მოახლოებული აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით საუბრისას მეუფე დავითმა.
მისივე თქმით, ტაძარში მრევლის ერთმანეთთან დისტანცირებით დგომა კარგია და არა მხოლოდ პენდემიის დროს, არამედ ზოგადად ასე უნდა იდგეს მრევლი, რათა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს.
„დღეს ტაძარში ჩვენ ახლა შორი-შორს ვდგავართ. ვფიქრობ, კარგია. თუ მიაქცევდით ყურადღებას, რომ დაბნელდება, ღამისთევებზე ელექტროგანათება არ გვაქვს, რადგან როდესაც ტაძარი განათებულია, ადამიანები ეძებენ ნაცნობს. რომ ნახავენ, მივლენ და მოიკითხავენ. სხვებს ხელს უშლიან, გონებამოკრეფით იყვნენ. ეს შორი-შორს დგომა ცუდი არა არის. დღეს ამას ვარქმევთ დადგენილ დისტანცირების წესს. მართალი რომ გითხრათ, ასე უნდა ვიდგეთ ყოველთვის. ვფიქრობ, ეს კარგია, ერთიმეორეს ტაძარში არ ვესაუბროთ და ფეხაკრეფით უნდა ვიმოძრაოთ, საღვთო მსახურებას ხელი არ ეშლებოდეს. ღამისთევაზე ყოფნა არის გამოუთქმელი ზეიმი და სიხარული. ვერაფერი შეცვლის ტაძარში მსახურების მადლს და სულიერ ძალას. არაფერია სასწაული მათთვის, ვისაც ღმერთი არ უყვარს და უგუნურებით ებრძვიან. ვიღაც ამბობს, ეზიარებით და ამით საფრთხეს ქმნით – არ დაიჯეროთ, რადგან ზიარება საფრთხის შემცველი არ არის. გამორიცხულია, მსახურებაზე ცუდი მოხდეს, თუმცა არაფრისგან ვართ დაცული. უამრავი შემთხვევა ყოფილა, ყოფილა ეპიდემიები. გვეუბნებიან, ტაძრის გარეთ დავდგეთ, აბა წარმოიდგინეთ. ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ არის, როცა აღდგომის ღამისთევის დროს ტაძარი იცლება სიმბოლოდ იმისა, რომ მაცხოვრის საფლავი როგორც იყო აღდგომის წინ, ცარიელი და კარი იყო დახშული, როგორც ლოდით დაბეჭდილი სამარხი. აი, იმისი სიმბოლოა, ტაძარიც ამიტომ ცარიელდება და რომ შემოვდივართ, შემდეგ ვანთებთ სანთლებს“, – განმარტა მეუფე დავითმა.