ერი, რომელიც ღვთისა და მამულის ერთგულია, სასწაულს ღმერთი მოუხდენს, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე დანიელმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ასევე მღვდელმოწამე მიქაელ ყულოშვილზე იქადაგა.
„დღეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია იხსენიებს მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის მღვდელმოწამეს, მიქაელ ყულოშვილს ჰერეთიდან, ანუ საინგილოდან. მიქაელი გამოირჩეოდა ჰერეთში განათლებით, სამწყსოსათვის თავდადებული ზრუნვით მან შეისწავლა სამედიცინო საქმე და კურნავდა თავის სამწყსოს. როდესაც დადგა ჟამი რევოლუციური მოძრაობებისა, მაშინ ერთ-ერთმა უღმერთოთა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელიც ზღუდავდა ღვთისმსახურებას ჰერეთში, აიძულებდნენ მას, რო მიეტოვებინა სამწყსო, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით და მან, რასაკვირველია, არ დატოვა სამწყსო და მიიღო მოწამეობრივი აღსასრული. ჰერეთი ეს არის ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, ისტორიული საქართველო. ჩვენი ტკივილი ყოველთვის იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დღესაც ეს ტრაგედია აქვს საქართველოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევქმნათ ისეთი საზოგადოება, ქვეყანა, რომელიც იქნება სულიერად და ფიზიკურად ძლიერი და მიაღწევს მშვიდობას. მშვიდობის მიღწევას სჭირდება სიბრძნე, დიდი ფიზიკური ძალა, უნარი დიდი აღმშენებლობის. მხოლოდ სიყვარულით და მშვიდობით შეიძლება საქართველოს გამთლიანება და ჩვენ ბრმად გვწამს, რომ საქართველო, რომელიც ყოველთვის, მიუხედავად მისი მრავალრიცხოვანი მტერისა, ინარჩუნებდა თავის ქვეყნის დამოუკიდებლობას, მთლიანობას და დაკარგვის შემთხვევაში აუცილებლად აღადგენდა. ამ უძველესმა ერმა უძველესი დროიდან, როდესაც დედამიწაზე უკვე ხალხი არსებობდა, მაშინ ჩამოყალიბდა“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.
როგორც ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა აღნიშნა, საქართველოში ვიხილეთ სასწაული, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საეკლესიო მსახურება არ შეწყდა, ეპიდემიამ არ იფეთქა.
„ერთ-ერთი პირველი ეთნოსია ქართული ეთნოსი. შეიძლება ვინმემ კითხვა დასვას, როგორ გადარჩა. გადარჩა ორი მიზეზის გამო, იგი იყო თავდადებული მამულისათვის და ღვთისათვის. ის, ვინც ღვთისათვის და მამულისათვის თავდადებულია, ასეთ ერს ღმერთი არ ტოვებს და გადაარჩენს ხოლმე, მოუვლენს დიდ წყალობას. ამ წყალობის მაგალითი ჩვენ ვიხილეთ დღეს, ჩვენს სინამდვილეში, არამარტო ჩვენ, იხილა მთელმა მსოფლიომ. როგორ, ეს ქვეყანა მიუხედავად უამრავი პრობლემისა, აღმოჩნდა უდიდესი სახელმწიფოების გვერდზე გაცილებით უფრო დაცული და ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენმა ხალხმა ძალღონე არ დაიშურა და ხალხს ვინც ბოლომდე იბრძვის ქვეყნისთვის, სიყვარულისთვის, ზნეობისათვის, ასეთ ხალხს ღმერთი სასწაულს მოუვლენს. ჩვენ ვიხილეთ სასწაული, რომელიც მოხდა საქართველოში. ეს იყო ეპიდემიის პირობებში მაქსიმალურად შეზღუდული გავრცელება და მიუხედავად საეკლესიო მსახურების შეუწყვეტლობისა, ეპიდემიამ არ იფეთქა საქართველოში. სასწაულს ღმერთი მოუხდენს ერს, რომელიც არის ერთგული ღვთისა და მამულისათვის. ასეთი თავდადებული მამულიშვილები ჰყავდა საქართველოს და იმიტომ გადარჩა, ასეთი ბრძანდება მღვდელმონაზონი მიქაელ ჰერელი.
მინდა ასევე გითხრათ, რომ დღეს არის 5 ივლისი, 27 წლის წინ 1993 წლის 5 ივლისს, სოხუმთან ახლოს, სოფელ კამანში მოხდა სოფლის აღება, სადაც იყო რამოდენიმე მაცხოვრებელი, ძირითადად ხანდაზმულები და სნეულები და იყო მცირე ჯგუფი ქართველი მეომრებისა და მათ გმირულად ყველამ თავი გაწირა და არ მიუტოვებიათ სოფელი, ხოლო მოსახლეობა იყო ტაძარში, სადაც სწირავდა ანდრია ყურაშვილი, რომელმაც შეიფარა მოსახლეობა. სოფელში ცხოვრობდა ოჯახი ასევე გამრჩეული თავისი ქრისტიანული სათნოებებით, იური იგივე გიორგი ანვას ოჯახი, რომელთაც აღადგინეს ისტორიული წმინდა საფლავი იოანე ოქროპირისა, რომელიც სოფელ კომანში აღესრულა. ეს ოჯახი იყო ეროვნებით ქართველი, მაგრამ აფხაზური წარმოშობის და მას არ მიუტევებია სოფელი, რომელიც იყო ბრძოლის წინა ხაზზე. როდესაც შევიდნენ და სოფელში ყველა ჯარისკაცი გაანადგურეს, მიადგნენ ტაძარს და ჯერ გაიყვანეს იური, იგივე გიორგი ანვა, იგი წამებით მოკლეს შემდეგ, მამა ანდრია და ჰკითხეს, ვისია ეს მიწა? თუ ის იტყოდა, რომ ეს არის ქართველების, ეს იქნებოდა მათი გაბოროტების საფუძველი, თუ ის იტყოდა რომ ეს არის აფხაზების, ეს იქნებოდა მათი გამარჯვება, რომ შეაშინეს მღვდელმსახური. მამა ანდრიამ საოცარი სიბრძნე გამოიჩინა, როდესაც ადამიანი სიკვდილის წინ ინარჩუნებს სიმშვიდეს, ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის დიდ სულიერ სიმაღლეზე. მან ბრძანა, ეს მიწა არის ღვთისა და ჩვენ ადამიანები ვართ სტუმრები ამ მიწაზე, ჩვენ მოვედით ამ მიწაზე, რომ მოვემზადოთ მარადიული, ნეტარი ცხოვრებისათვის, ამისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად. დიდი ვახტანგ გორგასალი ამბობდა, ეძიებდეთ ქრისტესათვის სიკვდილსა“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.
მეუფე დანიელმა დღეს აბიტურიენტებიც დალოცა.
„ქრისტეს გარეშე სიცოცხლე სიკვდილია, ხოლო ქრისტესთან ერთად სიკვდილი სიცოცხლეა. ამ რწმენამ გადაგვარჩინა ამ ეპიდემიისაგან და კიდევ გადაგვარჩენს იმ განსაცდელებისაგან, რომელსაც ეგულების მოსვლად ყოველსა სოფელსა ზედა გამოცდად მკვიდრთა, ამის შესახებ ამბობს იოანე ღვთისმეტყველი.
იქნება ჟამი დიდი განსაცდელებისა. ივერია არამარტო გადარჩება, მაშინ როდესაც, მთელს მსოფლიოში იქნება რწმენის სრული გაქრობა, ივერია გაბრწყინდება. არაფრის არ შეგეშინდეთ ღმერთმა დიდხანს უცოცხლოს საქართველოს ჩვენი პატრიარქი, დღეს საქართველო მსოფლიოში წარმოჩინდა, როგორც, ყველაზე ძლიერი სამწყსო მართმადიდებელი ეკლესიისა.
დღეს ჩვენთან არიან აბიტურიენტები იწყება ეროვნული გამოცდები, გადმოგცემთ პატრიარქის დალოცვას. ღმერთმა მოგცეთ ფიზიკური და სულიერი ძალა, რომ თქვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოავლინოთ, სიმშვიდით, სიბრძნით წარმართოთ ეს გამოცდები“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.