მეუფე დანიელი - როგორც ფანატიზმი, ასევე რადიკალური ანტირელიგიურობაც საშიშია
როგორც ფანატიზმია საშიში, ასევე რადიკალური ანტირელიგიურობაც საშიშია, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა განაცხადა, რომელიც კონფერენციას „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ ესწრებოდა.
მისი თქმით, რელიგიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში განფენის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არსებობს, ეს არის ინსტიტუციური სეკულარიზმი, რომელიც იცავს წონასწორობას საერო და სასულიერო ცხოვრებას შორის.
„დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება საქართველოს ეკლესიაში შეწყვეტილი ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავს და კონფერენციის თემაა რელიგია და საზოგადოება. ჩვენ ყველას გვსურს, რომ რელიგიამ ის მშვიდობისმყოფელი და გამამთლიანებელი როლი, რომელსაც ასრულებდა ისტორიულად და არა მხოლოდ ჩვენს, არამედ სხვა მრავალ ქვეყანაში, შეასრულოს. მიზეზები, რატომ ვერ ასრულებს ბევრია, არის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, ჩვენ გვმართებს სწორედ ამის ანალიზი და კონფერენციაც ამას ეძღვნება. კონფერენციის მთავარი გზავნილია, რომ არსებობს ერთ-ერთი აუცილებელი პირობა რელიგიის საზოგადოებრივ ცხოვრებაში განფენისა – ეს არის ინსტიტუციური სეკულარიზმი, რომელიც იცავს წონასწორობას საერო და სასულიერო ცხოვრებას შორის. თუ ერთი სფერო მაინც დომინირებს მეორეზე, თანამშრომლობა და ჰარმონია შეუძლებელია. ამიტომ, როგორც ფანატიზმია საშიში, ასევე რადიკალური ანტირელიგიურობაც საშიშია. არსებობს ინსტიტუციური სეკულარიზმი, რომელიც ამას უწყობს ხელს და მსოფლმხედველობრივი სეკულარიზმი, რომელიც ცოტა სახიფათოა, რადგან იგი უპირატესობას ანტირელიგიურ ცნობიერებას ანიჭებს და ირღვევა ბალანსი საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის“, – აღნიშნა მეუფე დანიელმა.