მეუფე დანიელი - ფიქრი წარმავალზე, ამქვეყნიურზე, გვაკარგვინებს სულიერს
ადამიანებს გვსურს, რომ ვიყოთ მორწმუნენი, კეთილნი, მაგრამ ჩვენდა უნებურად ამქვეყნიურს მეტ ყურადღებას ვუთმობთ,- ამის შესახებ მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.
სამების ტაძარში დღევანდელი წირვა-ლოცვა საქართველოს პატრიარქმა ჩაატარა.
„გილოცავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს. ღვთისმშობელმა დალოცოს დედა ეკლესია, ჩვენი ერი, სრულიად საქართველო.
დღეს ჩვენ მოვისმინეთ ადგილი სახარებიდან, რომელიც მოგვითხრობდა მდიდარი კაცის ამბავს. მას მოუვიდა დიდი მოსავალი, იმდენად დიდი, რომ მისი ბეღელი ვეღარ იტევდა მოსავალს. არ იცოდა სად წაეღო ამდენი ხორბალი. მოუვიდა აზრი, რომ ძველი დაეშალა და ახალი აეშენებინა.
თავს ეუბნებოდა ჭამე სვი და გაიხარეო. ასეთი იყო მისი ფიქრები. უფალი ბრძანებს, რომ იმ ღამეს ამ ადამიანის სული უნდა განშორებოდა მის სხეულს და რისთვის სჭირდებოდა ეს სიმდიდრე, მას არ გაჰყვებოდა. ეს მარტივი იგავი გვეუბნება იმას, რომ ადამიანი ფიქრობს ამქვეყნიურზე და სურს, მიიღოს ხორციელი ტკბობა, ნუგეში და ამითაა დაკავებული.
ხორციელი ნუგეში, როცა სული განეშორება სხეულს, არანაირ სიკეთეს არ მოუტანს. ხორციელი ნუგეშით დაკავებული ადამიანი არ ფიქრობს სულიერზე. ამ დროს სული არის როგორც სნეული ადამიანი, რა მოუვა ამ სულს როცა წარდგება უფლის წინაშე? ვერ გაჩერდება სასუფეველში, ვერ მიიღებს უფლის მადლს. ის სამუდამოდ მოწყდება ღმერთს. ამიტომ, ყველა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ თუ რა არის ის მთავარი სიმდიდრე, რომელიც ადამიანმა უნდა მოიპოვოს. რის მიმართ უნდა იყოს მისი ზრუნვა, ფიქრები.
ფიქრი წარმავალზე, ამქვეყნიურზე, გვაკარგვინებს სულიერს. როცა სულიერს მოვიპოვებთ, ხორციელიც შეგვეძინება. ყველაფერს მოგვცემს ღმერთი. მხოლოდ მაშინ აძლევს ღმერთი ადამიანს სიმდიდრეს, როცა ის მას არ აცდუნებს და არ იქნება საშიში.
ადამიანებს გვსურს, რომ ვიყოთ მორწმუნენი, კეთილნი მაგრამ ჩვენდა უნებურად ამქვეყნიურს მეტ ყურადღებას ვუთმობთ. ვთხოვთ უფალს, მოგვცეს წყურვილი, რომ დავეწაფოთ ამ სიმართლის წყაროს”,- განაცხადა მეუფემ.