მეუფე დანიელი - ჩვენი ერის ისტორიაში ქვეყნის ყველაზე გამორჩეული და დიდი სიმაღლე იყო მაშინ, როდესაც სასულიერო და საერო ხელისუფლება თანამოაზრენი იყვნენ
ჩვენი ერის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული, ყველაზე დიდი სიმაღლე ჩვენი ქვეყნისა იყო მაშინ, როდესაც სასულიერო და საერო ხელისუფლება ერთად იყვნენ, თანამშრომლობდნენ, იყვნენ თანამოაზრენი და ერთსულოვნება აერთიანებდა მთელს ქვეყანას, – ამის შესახებ ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრის კურთხევის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.
„მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი საერო ხელისუფლება გავლილი მძიმე, ათეისტური მე-20 საუკუნის შემდეგ უბრუნდება ტრადიციებსა და ფესვებს. ეს არ არის ადვილი პროცესი. 40 წელი ამას ემსახურება მისი უწმინდესობა და თანდათან ერი უბრუნდება უფალს, სარწმუნოებას, ჩვენს სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.
მეუფე დანიელის თქმით, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული იქნება არა მარტო საეკლესიო, არამედ ეროვნული დღესასწაული.
„ეკლესიის მიერ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესება უდიდესი რამ არის, მაგრამ კიდევ არანაკლებ დიდია და შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამას მხარი დაუჭირა ჩვენმა სახელმწიფომ, რომელმაც ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. 8 მაისს პარლამენტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული იქნება არა მარტო საეკლესიო, არამედ ჩვენი ეროვნული დღესასწაული. ამ დღეს ასევე იმედის დღე დაერქვა. ღვთისმშობელი იყო, არის და იქნება ჩვენი დიდი იმედი, მაგრამ ეს იმედი არის არა მარტო აღმსარებელთა, ქრისტიანთა ან მართლმადიდებელთა, საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქის იმედია, რადგან ის ყველას გვაერთიანებს, ყველას რაღაცის იმედი აქვს. ეს იმედი არ მოუშალოს ღმერთმა სრულიად საქართველოს. ვინაიდან ქვეყანამ, რომელმაც ათასწლეულები გამოიარა და გადარჩა, დღესაც აუცილებლად გაიმარჯვებს, როდესაც მას ჰყავს ღვთისგან მოვლენილი მოციქული, ჩვენი სულიერი მამა და პატრიარქი. ძალიან დიდია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის წვლილი, რომ ეს დღესასწაული უნდა დაწესებულიყო. ეს არის აღდგენა ერისა და ბერის ერთობის. ამ დღესასწაულს მიეძღვნება სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო შეხვედრა მთელი წლის განმავლობაში“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.