არც იმის საფუძველი მაქვს, ვენდო მეუფე იაკობის განცხადებებს, არც იმის საფუძველი მაქვს, არ ვენდო, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა საპატრიარქოში შესვლამდე განაცხადა.
პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებების შესახებ დასმულ კითხვებზე მეუფე ანტონმა აღნიშნა, რომ საკითხზე იმსჯელებენ და შესაძლოა, ეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყოს, თუმცა, მისივე თქმით, მეუფე იაკობის ეკლესიიდან განკვეთაზე საუბარი ზედმეტია.
„სწორედ ამის გამო ვართ მოსული, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში. ჩვენ დაველოდებით, იქნება კითხვები, იქნება პასუხები და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ. მე განვაცხადე, რომ არც იმის საფუძველი მაქვს, ვენდო, არც იმის საფუძველი მაქვს, არ ვენდო. რა თქმა უნდა, მჭირდება მტკიცებულებები. საერთოდ, ასეთი კითხვები, განკვეთა და ასეთი, ამოიღეთ. ასეთი რამ არ არსებობს“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.
კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, მეუფე ანტონმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია საპატრიარქოსთან შეჯერდება. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, მსჯელობა იყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილზეც.
„ჩემი პოზიცია როგორი იქნება, ეს შეჯერებული იქნება საპატრიარქოსთან. ჩვენ წერილი არ გვინახავს. წავიკითხავთ თუ არის და ვიმსჯელებთ“, – აღნიშნა მეუფე ანტონმა.
რაც შეეხება უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების საკითხს, მეუფე ანტონმა აღნიშნა, რომ საკითხზე იმსჯელებენ, თუმცა თავისი მხარდაჭერა დააფიქსირა უკრაინის მიმართ.
„გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – დასძინა მეუფე ანტონმა.