მეტროში, ავტობუსებსა და ტაქსებზე რეკლამის განთავსების უფლება 14,5 მლნ ლარად გაიცემა
მეტროში, ავტობუსებსა და ტაქსებზე რეკლამის განთავსების 20-წლიანი უფლება 14,5 მილიონ ლარად გაიცემა. ასეთია თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგები.
აუქციონზე საწყისი ფასი 11 847 124 ლარი იყო. ვაჭრობაში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა, რის შედეგადაც საბოლოო თანხა – 14 547 124 ლარი დაფიქსირდა.
ამასთან, აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას მერიაში ამ ეტაპზე არ ასახელებენ, ის ცნობილი ხელშეკრულების გაფორმების ეტაპისთვის გახდება.
გამარჯვებულ კომპანიას უფლება ექნება, 20 წლის განმავლობაში განათავსოს რეკლამა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე, ასევე ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე. კომპანიის ერთ-ერთი ვალდებულებაა, ტაქსის ნებართვის მფლობელებზე ვაუჩერების გაცემაც.
ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ავტომობილების თეთრად შესაღებად ვაუჩერების მიღება შეეძლებათ, სხვა ფერის ტაქსები კი, თბილისში აიკრძალება.