მეტროსადგური „ვარკეთილი“ სავარაუდოდ, ხვალ დილის ექვსი საათიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. ამის შესახებ პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ცნობით, ამ დროისთვის, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულიდან ნაგავი გააქვთ. ასევე, ჩამოანგრიეს ჭერის ის ნაწილიც, რომელსაც შესაძლოა, მგზავრებისთვის დამატებითი პრობლემები შეექმნა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და თუკი დაბრკოლება არ შეიქმნა, სხვა მეტროსადგურებთან ერთად, „ვარკეთილი“ მგზავრებს 06:00 საათზე მიიღებს. დაბრკოლების შემთხვევაში, შესაძლოა, მხოლოდ მეტროსადგურის ამუშავების დრომ გადაიწიოს.
30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ მოძრაობს.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.