მეტროსადგური „გურამიშვილი“ სარემონტო სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებს 20 იანვრიდან 15 მარტამდე ვერ მოემსახურება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობდა.
„20 იანვრიდან კი, იწყება ისეთი მასშტაბური სამუშაოები, როგორიცაა სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხვა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა, სამღებრო სამუშაოების წარმოება და სხვა“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ამ პერიოდის განმავლობაში დანარჩენი მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას, „გურამიშვილის“ სადგურს კი მატარებლები შეუჩერებლად გაივლიან.
მერიის ცნობით, 2018 წელს დამატებით ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია იგეგმება.