თბილისის საქალაქო სასამართლო - ელმატარებლების მემანქანეებს გაფიცვაში მონაწილეობის უფლება მათთვის დადგენილ სამუშაო საათებში შეეზღუდათ
თბილისის საქალაქო სასამართლო - ელმატარებლების მემანქანეებს გაფიცვაში მონაწილეობის უფლება მათთვის დადგენილ სამუშაო საათებში შეეზღუდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ელმატარებლების მემანქანეებს გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება მათთვის დადგენილ სამუშაო საათებში შეეზღუდათ. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც სასამართლოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 2018 წლის 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადება. სასამართლო განჩინებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განცხადება და ა(ა)იპ ,,ერთობა 2013-ის“ ელმატარებლების მემანქანეებს გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება მათთვის დადგენილ სამუშაო საათებში შეეზღუდათ.

„მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს შემდეგი: გაფიცვის უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას პროფკავშირების მეშვეობით მოახდინოს ზემოქმედება დამსაქმებელზე, სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული, უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად. თბილისის მეტროპოლიტენი წარმოადგენს ყველაზე იაფ და სწრაფ მუნიციპალურ ტრანსპორტს, რომლითაც ყოველდღიურად 400 000-მდე მგზავრი სარგებლობს და მისი შეფერხება გამოიწვევს მიწისზედა, ისედაც გადატვირთული საგზაო ინფრასტრუქტურის კოლაფსს.

მოქალაქეებთან ერთად, დაბრკოლდება და შეუძლებელი გახდება ჯანდაცვის, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების უზრუნველმყოფ პირთა გადაადგილება (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, როგორც სამსახურამდე დროული გადაადგილება, მათ შორის მიწისქვეშა მუნიციპალური ტრანსპორტის მეშვეობით, ასევე ამ სამსახურების სარგებლობაში არსებული სპეციალიზებული ტრანსპორტის გადაადგილება, რითაც შეფერხდება ჯანდაცვის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების გაწევა)“, – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.

სასამართლოს ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გაფიცვის უფლებით სარგებლობს მეტროპოლიტენის ელმატარებლების მემანქანეთა 80%-ზე მეტი, „რაც შეუძლებელს გახდის მუნიციპალური მიწისქვეშა ტრანსპორტის (მეტროს) უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას“.

„სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს სცადა, დაებალანსებინა, როგორც პროფესიულ კავშირებში გაერთიანების და გაფიცვის უფლება, ასევე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება. სასამართლომ, ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ელმატარებლების მემანქანეთა გაფიცვა შესაძლოა, ატარებდეს ხანგრძლივ ან უვადო ხასიათს, შესაბამისად, სასამართლოს განჩინებით, ა(ა)იპ „ერთობა 2013“-ში გაერთიანებულ მემანქანეებს დეკლარირებულ გაფიცვაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მიეცათ.

სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ განვითარებული ევროპული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაა და მისი გამოყენება/არ გამოყენება გავლენას არ ახდენს დავის საბოლოო შედეგზე“, – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  საქალაქო სასამართლომ მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა.

დღეს კი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მოუწოდა სახელმწიფოს, კანონმდებლობა იმგვარად შეცვალოს, რომ დასაქმებულებს გაფიცვის უფლების ეფექტური რეალიზების საშუალება მიეცეთ, როგორც ამას შრომის საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს.