პორტუგალიაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საყოველთაო გაფიცვა იმართება.
გაფიცვა შეეხო სარკინიგზო და ავიამიმოსვლას, საავადმყოფოებსა და სკოლებს.
პროფკავშირები მთავრობის შრომით რეფორმას აპროტესტებენ. გაფიცვის გამო არ მუშაობს პორტუგალიის ცენტრალური რკინიგზის სადგური, პორტუგალიის ეროვნულმა ავიაკომპანიამ, TAP Air-მა რეისების ორი მესამედი გააუქმა.
პროფკავშირების ცნობით, ქვეყანაში შეჩერებულია ნაგვის გატანის სერვისი, საავადმყოფოებში მხოლოდ გადაუდებელი დახმარების განყოფილებები მუშაობს.
გაფიცვა აისახა სკოლებისა და სასამართლოების მუშაობაზეც. პროფკავშირები აპროტესტებენ მემარჯვენე მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონს, რომელიც ითვალისწინებს სამსახურიდან დათხოვნის პროცედურის გამარტივებას, ვადიანი კონტრაქტების გახანგრძლივებას და გაფიცვის დროს მინიმალური მომსახურების უზრუნველყოფის აუცილებლობის ჩამონათვალს ზრდის.
პრემიერ-მინისტრი ლუიშ მონტენეგრო აცხადებს, რომ რეფორმა ეკონომიკურ ზრდას და ხელფასების გაზრდას შეუწყობს ხელს.