თბილისის მეტროს გაფიცული მემანქანეები თბილისის მერიაში შეხვედრას მართავენ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
უცნობია, კონკრეტულად ვის ხვდებიან მეტროს მემანქანეები და ესწრება თუ არა შეხვედრას თბილისის მერი კახა კალაძე.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, გაფიცულების მოთხოვნა უცვლელია, ისინი შრომის ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.
გაფიცულმა მემანქანეებმა გუშინ განაცხადეს, რომ თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ხელფასები გაიზრდება, მუშაობას დილიდანვე განაახლებენ.
თბილისის მეტროპოლიტენი უკვე ორი დღეა გაჩერებულია. თბილისის მერსა და მემანქანეებს შორის გვიან ღამით შეხვედრა შედგა, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. როგორც ერთ-ერთმა მემანქანემ განაცხადა, მერის შემოთავაზება, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერია მსჯელობას 2019 წლიდან დაიწყებს, მათთვის მიუღებელია.