მეთიუ მილერი - ისრაელის განცხადება, რომ გაერო-ს რეზოლუცია ხელს უშლის მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს, არაზუსტი და უსამართლოა
მეთიუ მილერი - ისრაელის განცხადება, რომ გაერო-ს რეზოლუცია ხელს უშლის მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს, არაზუსტი და უსამართლოა

ისრაელის განცხადება, რომ გაერო-ს რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს, ხელს უშლის მძევლების გათავისუფლების შესახებ არსებულ მოლაპარაკებებს, არის არაზუსტი და უსამართლო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მძევლების გათავისუფლების წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხი მომზადდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს კენჭისყრამდე და არა მას შემდეგ.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს მუშაობას, რათა მძევლები სახლში დაბრუნდნენ.

„სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია რაფაჰში სამოქალაქო ზიანს მიაყენებს პალესტინელ ხალხს და ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებას. ის ისრაელს მსოფლიოში უფრო იზოლირებულს დატოვებს, გამოყოფს ქვეყნებისგან, რომლებიც მათი დიდი ხნის პარტნიორები იყვნენ“, – აღნიშნა მილერმა.

გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოთხოვნას ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მძევლების უპირობოდ გათავისუფლების შესახებ.