მეთიუ მილერი - „ჰუსიტები“ პასუხს აგებენ სატვირთო გემზე თავდასხმისთვის, რომლის დროსაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ გააგრძელებს პასუხისმგებლობის დაკისრებას იემენში „ჰუსიტების“ მიერ სატვირთო გემზე თავდასხმისთვის, რომლის დროსაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.
მილერმა მოუწოდა მსოფლიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, იგივე გააკეთონ.
„ვფიქრობ, ეს, სამწუხაროდ, გარდაუვალი იყო. „ჰუსიტები“ აგრძელებენ ამ თავდასხმებს უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ახლა კი მათ ჰყავთ ტრაგიკულად დაღუპული უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეები. ასე რომ, აშშ გააგრძელებს „ჰუსიტებისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრებას მათ თავდასხმებზე, რამაც არა მხოლოდ შეაფერხა საერთაშორისო ვაჭრობა, არა მხოლოდ დაარღვია ნაოსნობის თავისუფლება საერთაშორისო წყლებში, არამედ ახლა ტრაგიკულად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი“, – განაცხადა მილერმა.
შეგახსენებთ, იემენის მახლობლად სატვირთო გემზე „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.