„ბიბისი“ - იემენის მახლობლად სატვირთო გემზე „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა
„ბიბისი“ - იემენის მახლობლად სატვირთო გემზე „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა

იემენის მახლობლად სატვირთო გემზე „ჰუსიტების“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

შემთხვევა იემენის ქალაქ ადენიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით, 93 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მოხდა.

გემის მენეჯერის სპიკერმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია გემის ეკიპაჟის 20 წევრისა და დაცვის სამი თანამშრომლის მდგომარეობის შესახებ.

„ჰუსიტები“ ამბობენ, რომ მათი თავდასხმები ღაზაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში პალესტინელების მხარდასაჭერად ხორციელდება.

„ჰუსიტების“ განცხადებაში ნათქვამია, რომ True Confidence-ის ეკიპაჟმა უგულებელყო „ჰუსიტების“ საზღვაო ძალების გაფრთხილებები.

იემენში ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ მეზღვაურების დაღუპვა იყო „სამწუხარო, მაგრამ გარდაუვალი შედეგი, რადგან „ჰუსიტები“ დაუფიქრებლად ესვრიან რაკეტებს საერთაშორისო გემებს და აუცილებელია მათი შეჩერება“.