მეთიუ მილერი - აშშ მუშაობს, რაც შეიძლება მეტი გზა მოიძებნოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად, რათა შემცირდეს ჰუმანიტარული კატასტროფა
ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს, რაც შეიძლება მეტი გზა მოიძებნოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად, რათა შემცირდეს ჰუმანიტარული კატასტროფა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერის თქმით, ვაშინგტონი ოპტიმისტურად არის განწყობილი ღაზის სექტორში საზღვაო დახმარების დერეფნის შესახებ, რომელზეც აშშ მუშაობდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში მშობლები შეუძლებელი არჩევანის წინაშე დგანან, თუ როგორ გამოკვებონ შვილები და სწორედ ამიტომ აშშ ფოკუსირებულია დახმარების გაზრდაზე ღაზის სექტორში რაც შეიძლება მეტი მიმართულებით.
„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ჰუმანიტარული ვითარებით ღაზის სექტორში. გასულ კვირას მომხდარმა ინციდენტმა, ნათელი გახადა, რომ ხალხი სასოწარკვეთილია საკვების, წყლის და წამლების გამო. მშობლები შეუძლებელი არჩევანის წინაშე დგანან, როგორ გამოკვებონ შვილები. შაბათ-კვირას თავდაცვის დეპარტამენტმა და იორდანიის სამეფოს საჰაერო ძალებმა ერთად 38 000 ულუფა საკვები ჩაყარეს ღაზაში. მიზეზი, რატომაც ვცდილობთ დახმარების რაც შეიძლება მეტი გზით მიწოდებას, არის ის, რომ ხალხს თუ ეცოდინება, ის სატვირთო მანქანა, რომელსაც ისინი ხედავენ, არ არის ბოლო, რომელიც იქნება მათ სამეზობლოში და მიაწოდებს საკვებს მომდევნო კვირაში ან ერთი თვის განმავლობაში, მაშინ, ნაკლებად სავარაუდოა, საფრთხეში ჩაიგდონ თავი ან მეზობლები და შექმნან ქაოსური სიტუაცია“, – განაცხადა მილერმა.