მეთიუ მილერი - აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაკავებით
მეთიუ მილერი - აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაკავებით

აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაკავებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ისინი, ვინც ახორციელებენ თავიანთ ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას, არ უნდა დააკავონ ამის გამო.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომელიც უსამართლოდ არის დაკავებული და პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეკითხვა შეეხებოდა ეკონომისტის და ჟურნალისტის, ფარიდ მეჰრალიზადეს საქმეს, რომელიც „აბზას მედიის“ საქმეზე დააკავეს. სასამართლო პროცესზე მეჰრალიზადემ განაცხადა, რომ არ იყო დამნაშავე და არ ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა „აბზას მედია“ გამოცემასთან. ფარიდ მეჰრალიზადეს ბრალი კონტრაბანდის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.