მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს
აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერის თქმით, აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მუდმივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის შელახვისკენ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ყალბი არჩევნების გზით.
„აშშ-მა არ აღიარა და არც არასოდეს აღიარებს ამ ყალბი არჩევნების ლეგიტიმურობას ან შედეგებს, რომელიც ჩატარდა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში“, – ხაზგასმით აღნიშნა მილერმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი უკრაინაა.
მისი თქმით, ეს „სპექტაკლი“ კიდევ უფრო ადასტურებს რუსეთის საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების აშკარა უგულებელყოფას.
„აშშ გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს, რათა პასუხისგებაში მისცენ იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის თავისუფალი ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მათ შორის, ვინც დამკვირვებლის როლს ასრულებს უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებში კრემლის გაყალბებულ არჩევნებში“, – განაცხადა მილერმა.
მანამდე ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს და არ აღიარებს მათ შედეგებს.