მეტეოროლოგების პროგნოზით, მიმდინარე კვირას დიდ ბრიტანეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 41 გრადუსი დაფიქსირდება
მიმდინარე კვირას, დიდ ბრიტანეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ტემპერატურა 41 გრადუსამდე აიწევს, რაც დაკვირვების ისტორიის მანძილზე ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა იქნება.
მეტეოროლოგიურმა ოფისმა ორშაბათისთვის და სამშაბათისთვის განგაშის წითელი დონე გამოაცხადა მთელი ინგლისის მასშტაბით. ნარინჯისფერი დონე გამოცხადდა უელსისთვის და შოტლანდიისთვის.
ყველაზე მაღალი ტემპერატურა ბრიტანეთში 2019 წელს დაფიქსირდა კემბრიჯში და 38,7 გრადუსს შეადგენდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ორშაბათს ლონდონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილი გახდება და ტემპერატურა დასავლეთ საჰარასა და კარიბის აუზზე მაღალი იქნება.
გაფრთხილების სისტემის დანერგვის შემდეგ, რომელიც გასულ წელს დაინერგა, მეტეოროლოგიურმა ოფისმა მაღალი ტემპერატურის გამო, განგაშის წითელი დონე პირველად გამოაცხადა. წითელი დონის გამოცხადება ნიშნავს, რომ მოსალოდნელია ცვლილებები მოსახლეობის მუშაობისა და ცხოვრების წესში. იგეგმება ზოგიერთი სკოლის დახურვაც.
სატრანსპორტო ქსელ Network Rail-ში მოსახლეობას მოუწოდეს, რომ ორშაბათსა და სამშაბათს სატრანსპორტო საშუალებებით იმგზავრონ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
სონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ მაღალი ტემპერატურის გამო, მომატებულია მოსახლეობის მიმართვიანობა და დღიურად 7-დან 8-ათასამდე მერყეობს.