„მეტა“ დონალდ ტრამპის „ინსტაგრამისა“ და „ფეისბუქის“ ანგარიშებზე შეზღუდვებს მოხსნის
„მეტა“ დონალდ ტრამპის „ინსტაგრამისა“ და „ფეისბუქის“ ანგარიშებზე შეზღუდვებს მოხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს. „მეტას“ სპიკერმა დაადასტურა, რომ კომპანია გააუქმებს ტრამპის ანგარიშებზე დაწესებულ აკრძალვებს, რომლებიც 2021 წლის იანვრიდან მოქმედებს.
კომპანიაში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს შორის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს. „მეტას“ სპიკერის თქმით, შეზღუდვები მომავალ კვირაში მოიხსნება.
„ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკელ ხალხს უნდა შეეძლოს პრეზიდენტობის კანდიდატების მოსმენა“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
ამასთან, „მეტას“ განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ ტრამპი კვლავ დაარღვევს კომპანიის წესებს, მას გამკაცრებული ჯარიმები დაუწესდება.
ცნობისთვის, 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ „მეტამ“ ტრამპს სოციალური მედიის ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა და განაცხადა, რომ ის „აქებდა“ ადამიანებს, რომლებიც „ძალადობაში იყვნენ ჩართულნი“.