მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან არსებულ ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები გრძელდება
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანთან ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, პოლიცია, ხელისუფლებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.
„ორი დღეა, წიწვოვან ტყეშია ხანძარი. რეაგირება იყო მყისიერი და საბედნიეროდ, ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ვერტმფრენი, ცოცხალი ძალა მუშაობს იმისთვის, რომ ლოკალიზებული იყოს ხანძარი და არ გავრცელდეს.
გეოგრაფიულადაც, კლდოვანი მასივია. ეს სამუშაოებს ართულებს. მეორე მხრივ, ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელს უშლის. სამწუხაროა, რომ ქარი და მაღალი ტემპერატურაა, ეს აძნელებს პროცესს. ვვარაუდობთ, რომ ხვალისათვის ვითარება სრულად იქნება გაკონტროლებული და ხანძრის ლიკვიდაცია მოხდება“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.