მესტიის მუნიციპალიტეტში ხვალიდან საკარანტინო შეზღუდვები სრულად იხსნება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში ხვალიდან საკარანტინო შეზღუდვები სრულად იხსნება და რეგიონი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.
როგორც ვიბლიანმა აღნიშნა, 10 აგვისტოდან დღემდე მუნიციპალიტეტში ჩატარდა 5 000-მდე „პისიარ“ კვლევა, აქედან 1 500 იყო მეორადი ტესტირება.
„ბოლო დღეების განმავლობაში დაბა მესტიასა და ლენჯერში ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ გამოვლენილა. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად მასიური თერმოსკრინინგი სოფლებში გაგრძელდება, ხოლო „პისიარ“ კვლევა ჩატარდება გეგმურად“, – განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.