პროკურატურამ მესტიაში მომხდარ განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ მესტიაში მომხდარ განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მესტიის რაიონის სოფელ ეცერში მომხდარ განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ პირველ იანვარს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გ.ც-ს და გ.პ-ს, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ რ.ა-სთან და გ.ა-სთან. კონფლიქტის დროს გ.ც-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა გ.ა-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

„იმავდროულად, რ.ა-მ თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე განახორციელა გასროლა გ.პ-სა და რ.პ-ს მიმართ, რის შედეგადაც გ.პ. გარდაიცვალა, ხოლო რ.პ-მ სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 იანვარს დააკავეს. გ.ც-ს ბრალდება – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო რ.ა-ს 108-ე მუხლითა და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყების ცნობითვე, პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.