მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის ცენტრამდე მისასვლელი გზა გადაკეტილია
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელიში ცენტრამდე მისასვლელი გზა თითქმის სამი საათია, ჩაკეტილია.
მესტიაში დღეს გამართული აქციის მონაწილეებს სოფელ იელის მცხოვრებთა ნაწილი ოქროს მოპოვების ადგილამდე არ ატარებს.
იელის მკვიდრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოქროს მოპოვებას დადებითი მხარეებიც აქვს და სოფლის კეთილდღეობისთვის კარიერზე მუშაობის გაგრძელება მიზანშეწონილია.
აქციის მონაწილეთა ნაწილი რამდენიმე საათია, მათთან მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
მესტიაში საპროტესტო აქცია დღის პირველ ნახევარში გაიმართა. აქციაზე ერთ-ერთი კომპანიის მიერ ოქროს ქიმიური გზით მოპოვება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანია „ოპტიკალ სერვისი“ ოქროს მოპოვებას ქიმიური მეთოდით 2005 წლიდან ეწევა. კომპანია რამდენიმე წელი გაჩერებული იყო, თუმცა მათ საქმიანობა 2016 წელს ისევ განაახლეს. მათ მიაჩნიათ, რომ ქიმიური გზით ოქროს მოპოვება ბუნებას მძიმე ეკოლოგიურ ზიანს აყენებს.