მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის მოიხსნა და რამდენიმეკვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 3 სექტემბრიდან ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით რეგულარული რეისები განახლდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განმარტებით, სექტემბერში მესტიის მიმართულებით რეისები სამშაბათისა და შაბათის გარდა, კვირაში ხუთჯერ შესრულდება.
„სვანეთში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ფრენები 11 აგვისტოდან შეჩერებული იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტი გაიხსნა მესტიის მიმართულებით ფრენებიც აღდგა. აღნიშნული რეისებიც „კოვიდ-19“-დან გამომდინარე ყველა არსებული რეგულაციების დაცვით ხორციელდება, ეს იქნება სოციალური დისტანცირება, თერმოსკრინინგი, სავალდებულო პირბადის ტარება და სხვა. სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა და ვიმედოვნებთ, რომ ამ ულამაზეს რეგიონს ისევ მალე ბევრი ტურისტი ეწვევა“, – აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ფრენების შეჩერება სვანეთში „კოვიდ-19“-ის პრევენციის გამო მოხდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების სვანეთი ჩაიკეტა და შესაბამისად სვანეთის მიმართულებით რეგულარული ფრენებიც დროებით შეჩერდა. თუმცა, 2 სექტემბრიდან დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა და 3 სექტემბრიდან AK-Air Georgia მესტიის მიმართულებით ფრენებსაც განაახლებს.
ავიაბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარს შეადგენს. სამიდან 12 წლამდე ბავშვებისთვის კი ვრცელდება 30-პროცენტიანი ფასდაკლება. სამ წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.