მესტიაში, სოფელ იელიში აქცია დასრულდა
მესტიაში, სოფელ იელიში აქცია დასრულდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელიში აქცია დასრულდა. მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემის წარმომადგენლები, რომლებმაც დღეს ოქროს მოპოვების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ჩაატარეს, იელიში იმ ადგილზე იმყოფებოდნენ, სადაც კომპანია „ოპტიკალ სერვისი“ ოქროს მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს. ოქროს მოპოვების მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ კომპანიასთან და სოფელ იელის მცხოვრებლებთან დიალოგი გაიმართება. მათი თქმით, ისინი არ დაუშვებენ მესტიაში კაზრეთის ვითარების გამეორებას. რაც შეეხება კომპანია „ოპტიკალ სერვისს“, მათი წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

ოქროს მოპოვების ადგილის მონახულებამდე, აქციის მონაწილეებსა და სოფლის მცხოვრებლებს შორის რამდენიმე საათის განმავლობაში მოლაპარაკებები იმართებოდა.

იელის მცხოვრებთა ნაწილს მიაჩნია, რომ ოქროს მოპოვებას არანაირი ზიანი არ მოაქვს. მათი მტკიცებით, კომპანია ოქროს მოპოვების პროცესში ქიმიკატებს არ იყენებს.

მესტიაში საპროტესტო აქცია დღის პირველ ნახევარში გაიმართა. აქციაზე ერთ-ერთი კომპანიის მიერ ოქროს ქიმიური გზით მოპოვება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანია „ოპტიკალ სერვისი“ ოქროს მოპოვებას ქიმიური მეთოდით 2005 წლიდან ეწევა. კომპანია რამდენიმე წელი გაჩერებული იყო, თუმცა მათ საქმიანობა 2016 წელს ისევ განაახლეს. მათ მიაჩნიათ, რომ ქიმიური გზით ოქროს მოპოვება ბუნებას მძიმე ეკოლოგიურ ზიანს აყენებს.