მერიკო კობერიძე - ასეთი დამოკიდებულება მაქვს, მანქანას ისე მართავ, როგორი პიროვნებაც ხარ
აღზრდაში ვხედავ პრობლემას, რაც საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას ქმნის, – ამის შესახებ „მერიქს ტაქსის“ დამფუძნებელმა, მერიკო კობერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს ყველაფერი შეგნების დონეზეა მოსაგვარებელი და თუ აღზრდით დავიწყებთ, მეტ შედეგს მივიღებთ. მგონია, რომ ბავშვმა, რომელიც თუნდაც ბაღში მიდის, უნდა იცოდეს, როგორ იაროს. მან უნდა იცოდეს, რომ ის არის ქვეითი, ტრანსპორტს ხელი არ უნდა შეუშალოს და საფრთხე არ უნდა წარმოქმნას. აი, აქედან უნდა დავიწყოთ. მახსოვს, დედამ მითხრა, რაც საჭესთან დაჯექი, ქუჩა აღარ გადამიკვეთავსო. აუცილებელია, ყველა ადამიანის შვილი საჭესთან დაჯდეს, რომ ამას მივხვდეთ, თურმე, ქვეითები რამხელა საფრთხეს წარმოვადგენთ, როცა ქუჩაზე უადგილო ადგილას გადავდივართ“, – განაცხადა კობერიძემ.
მისი თქმით, ფეხით მოსიარულეთა კანონსაწინააღმდეგო გადაადგილებაზე პატრული არაეფექტიანად რეაგირებს, რაც ძალიან ცუდია.
„ქვეითი ჩემ თვალწინ გადასულა ისეთ ადგილზე, სადაც არ უნდა გადასულიყო და პატრულს ამაზე თვალი დაუხუჭავს. თითოეულ მათგანს დიდ პატივს ვცემ. ვიცი, რამხელა რისკია, ასეთ ადგილზე მუშაობდე, მაგრამ იქნებ, ქვეითებზეც დავიწყოთ რეაგირება. მხოლოდ ის, რომ მძღოლებს ქულები ეტაპობრივად გაუნულდეთ, არ მგონია, პრობლემის აღმოფხვრის ეფექტიანი გზა იყოს“, – განაცხადა მერიკო კობერიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ის პრობლემას მძღოლებში, მერიკო კობერიძემ განაცხადა, რომ ამ მხრივ, ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს.
„ჩვენ ქალაქში ავტომობილით გადაადგილება არის უზარმაზარი სტრესი. მგონია, რომ ადამიანები ზუსტად ისე ატარებენ, როგორც პატივს სცემენ ერთმანეთს – მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს. ადამიანი საჭეს ისე მართავ, როგორი პიროვნებაც ხარ. თუ მეორე ადამიანს პატივს სცემ, არ შეიძლება, ჯიბრზე არ დაუთმო და არ გაატარო. არ მაქვს ლაპარაკი იმაზე, რომ მონიშვნებს არ უყურებენ. დამოკიდებულება არის ძალიან ცუდი. მახსოვს, ერთხელ ვუსმენდი რაღაც ჩანაწერს, სადაც იყო ასეთი რჩევა – დაუთმე გზა სულელს! ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან აქ შეჯიბრებითობის კანონი არ არის. იმ დროს, როცა ვიღაცას ვეჯიბრებით, პირველი ვინ გაივლის, სიცოცხლეს ვეჯიბრებით“, – განაცხადა მერიკო კობერიძემ.
როგორც „მერიქს ტაქსის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, როცა მძღოლებს შორის პატივისცემა იარსებებს, სავალალო სტატისტიკაც შეჩერდება.
მერიკო კობერიძემ ასევე განაცხადა, რომ მამაკაცებს არ უყვართ, როცა ქალი ლამაზ მანქანაზე ზის, რაც არაჯანსაღი დამოკიდებულებაა.
„მე მყავდა შედარებით პატარა მანქანა. რამდენიმე თვეა, ცოტა უფრო დიდი მანქანა მყავს და დამოკიდებულება შეიცვალა. არ უყვარხარ ადამიანს, როცა ცოტა უფრო ლამაზ მანქანაზე ზიხარ. როცა მამაკაცები ხედავენ, რომ გოგო ხარ, ცუდი დამოკიდებულება აქვთ. ძალიან მეცინება ამაზე, რადგან ჩემი შრომით ნაყიდ მანქანაზე ვზივარ. ამით ძალიან ამაყი ვარ და მათი დამოკიდებულება ძალიან სასაცილოა“, – განაცხადა მერიკო კობერიძემ.