მერიის წარმომადგენელი - თუ ატენის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობის გაუქმების საფუძველი გაჩნდება, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ
თუ გამოიკვეთება რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ნებართვის გაუქმების საფუძველს გააჩენს, ჩვენ ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ განაცხადა, რომელმაც განმარტება გააკეთა ატენის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მერიაში ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავენ საქმეში არსებულ მასალებს და გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
“იანვარში დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე გაიცა მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი. 15 იანვრის ეს გადაწყვეტილება შემდეგ გასაჩივრდა დაინტერესებული პირების მიერ 22 იანვარს და შესაბამისად, ჩვენ ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების წესით ვიხილავთ ამ საქმეში არსებულ მასალებს. ამ წუთებშიც მიმდინარეობს საქმის განხილვა, შესაბამისად ჩვენი ვალდებულების შესაბამისად, შევისწავლით საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამის მიხედვით თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას კანონდებლობით დადგებილ ფარგლებში. ნებართვა გაცემულია 2018 წლის 15 იანვარს, მშენებლობა არ შეჩერებულა. ამ ეტაპზე დაინტერესებული მხარის მიერ გასაჩივრებულიდან გამომდინარე ვსწავლობთ ფაქტობრივ გარემოებებს და თუ ვთქვათ, გამოიკვეთება რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ნებართვის გაუქმების საფუძველს გააჩენს, ჩვენ ვიმსჯელებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუ არანაირი გარემოება არ გამოიკვეთება, ნებართვა დარჩება ძალაში”, – განაცხადა ბირკაძემ.
თბილისის მერიაში ატენის ქუჩის მცხოვრებლების, მათი ადვოკატისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით ატენის ქუჩაზე მდებარე სადავო კორპუსთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.