მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ბაღებისთვის საკვების მიმწოდებელ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულება გაუქმდეს
მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ბაღებისთვის საკვების მიმწოდებელ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულება გაუქმდეს

დედაქალაქის მერიაში არ გამორიცხავენ, რომ ბაღებისთვის საკვების მიმწოდებელ კომპანია „ნილთან“ ხელშეკრულება გაუქმდეს.

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა აღნიშნა, მერიისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რის გამო ვერ განახორციელებს კომპანია „ნილი“ თავის მოვალეობებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ განახორციელოს შეუფერხებლად ბაღებში მიწოდება საკვები პროდუქტის. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომ „ნილმა“ვერ შეძლო თავისი ვალდებულებების შესრულება რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, შესაბამისად თუ დღეს და უახლოეს დღეებში ეს სრულად არ იქნება გამოსწორებული „ნილის“ მიერ, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შესაძლებელია მოხდეს მისი ჩანაცვლება. წინასწარ არ გვინდა საუბარი, რადგან ეს არის უკიდურესი ზომა. თუ „ნილი“ ვერ შეასრულებს ვალდებულებებს, მივიღებთ გადაწყვეტილებას და გავუშვებთ საერთოდ ამ შესყიდვებიდან. გარდამავალ პერიოდში კვების პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

ამასთან, ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მოხდეს სათანადო მომსახურების გაწევა კვების თვალსაზრისით.

„იმ შემთხვევაში თუ დავინახავთ საფრთხეს ჩვენი მომწოდებელი კომპანიის მხრიდან, რომ შეიძლება საფრთხე შეექმნას ბავშვების კვებას, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები და მოხდება კომპანიის ჩანაცვლება, თუ ის ვერ უზრუნველყოფს სათანადოდ სახელშეკრულებო პირობების შესრულებას და ბავშვების სათანადოდ კვებას“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.