მერი კაპანაძე - ცესკო-ში ვისაუბრეთ, რომ ზუგდიდში საარჩევნო პროცესების ხელის შეშლა შეინიშნება
„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი მერი კაპანაძე აცხადებს, რომ ზუგდიდში საარჩევნო პროცესების ხელის შეშლა შეინიშნება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე წარიმართა საუბარი ცესკო-ში, სადაც შეხვედრას ესწრებოდა.
„შეხვედრაზე საუბარი წარიმართა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მინდა აღვნიშნო, რომ ნომერ 67-ე, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სხვა ოლქებისგან განსხვავებით, შეინიშნება აშკარა ხელის შეშლა და პროცესების ჩაშლის ფაქტი. ამ საკითხთან დაკავშირებით, მინდა აღვნიშნო, რომ მხარეების ჩართულობა არის განსაკუთრებული და პასუხისმგებლობა გვეკისრება, ორიენტირებული ვიყოთ, პროცესები წარიმართოს მეტად სამართლებრივად და კანონის შესაბამისად. თავი უნდა შევიკავოთ აგრესიისაგან, სიტუაციის დაძაბვისაგან და ვისწრაფოდეთ საარჩევნო პროცესების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. კარგი იქნება, თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მეტი ყურადღებით დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს და კენჭისყრის პროცედურებს ნომერ 67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე“, – განაცხადა მერი კაპანაძემ.