მექვევრეობის ტრადიციას საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მექვევრეობის ტრადიციას საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, მექვევრეობის ტრადიციას საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღესდღეობით აღმოჩენილი უძველესი საღვინე ქვევრი არის ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე-მეხუთე ათასწლეულის ჭურჭელი. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ საქართველოს შინამრეწველობის ეს დარგი არის ამავე ასაკის. მეცნიერულად დასტურდება, რომ ქვევრის კეთებას, მოყოლებული ხსენებული პერიოდიდან, არ ჰქონია წყვეტა და ის დღედმე მზადდება. ამჟამად საქართველოში 50-ზე მეტი მოქმედი მექვევრეა. ქვევრი მზადდება: გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. მექვევრეობის ყველაზე დიდი კერა იმერეთშია, სადაც მოქმედ მექვევრეთა 90% მოღვაწეობს.

„ქვევრის წარმოების ამჟამინდელი სოფლებია: ვარდისუბანი, ოდიში, აცანა, შროშა, საწაბლე, ტყემლოვანა, მანდაეთი. ქვევრი არის ღვინის დასაყენებელი და მცირედი თუ ხანგრძლივი დროით შესანახი ჭურჭელი, გამოიყენებოდა ასევე სხვა სამეურნეო დანიმშნულებებიც, რძის პროდუქტის შენახვა, მწნილეულის, გამოხდილი ჭაჭის შენახვა, ციხესიმაგრეებში წყლის რეზერვუარად გამოყენება, ელინისტურსა და ანტიკურ პერიოდში ქვევრის გამოყენება მამაკაცის დასაკრძალად, ომიანობის დროს ეკლესია-მონასტრებში ქვევრის გამოყენება რელიგიური ფასეულობების დასამალად, ზამთრის მარაგის ხილის შესანახად.

ქვევრი გამოიყენება ღვინის დასაყენებლად და მცირედი თუ ხანგრძლივი დროით შესანახ ჭურჭლად. ამჟამად მას იყენებენ ჭაჭისა და ხილის არყის გამოსახდელ ჭურჭლად, ასევე გამოხდილი არყის შესანახად. მას ვაზის მენამყენეები იყენებენ ვაზის სანამყენე კვირტის დროებით შესანახად. მცირე და საშუალო ზომის ქვევრებს იყენებენ ეზოების, სკვერებისა და კვების ობიექტების დეკორაციებად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.