მექსიკის ჯუნგლებში მაიას ცივილიზაციის დიდი ქალაქი აღმოაჩინეს
მექსიკის ჯუნგლებში მაიას ცივილიზაციის დიდი ქალაქი აღმოაჩინეს

მექსიკის ჯუნგლებში მაიას ცივილიზაციის დიდი ქალაქი აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქალაქი, რომელსაც არქეოლოგებმა ვალერიანა უწოდეს, მოსახლეობის სიმჭიდროვით, სავარაუდოდ, მხოლოდ კალაკმულს ჩამოუვარდება, რომელიც მთელ ლათინურ ამერიკაში დღემდე აღმოჩენილი მაიას ცივილიზაციის უმსხვილეს დასახლებად მიიჩნევა.

კომპლექსი, რომელიც მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კამპეჩეს შტატში აღმოაჩინეს, პირამიდებს, სპორტულ მოედნებს, უბნების დამაკავშირებელ გზებს და ამფითეატრებს მოიცავდა. ქალაქი 16,6 კვადრატულ კილომეტრზე იყო გაშენებული.

ქალაქი ტულეინის უნივერსიტეტის ასპირანტმა, ლიუკ ოლდ-ტომასმა ჰაერიდან ლაზერული ტექნოლოგიით – ლიდარით შესრულებული კარტოგრაფიული კვლევის შესწავლისას აღმოაჩინა.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ვალერიანას განვითარების პიკის ხანაში, ანუ 750-850 წლებში, იქ 30 ათასიდან 50 ათასამდე ადამიანი სახლობდა.

არქეოლოგები აღნიშნავენ, რომ ქალაქი „თვალსაჩინოდ დამალულია“, რადგან ცენტრალური მაგისტრალიდან მხოლოდ 15 წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივები, შესაძლოა, ხვდებოდნენ დასახლების ნანგრევების არსებობას.