მექსიკაში 2014 წელს ერთ-ერთი კოლეჯის 43 სტუდენტის გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა, დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობას ცეცხლი წაუკიდეს და ათზე მეტი მანქანა დაწვეს
მექსიკის სამხრეთ ნაწილში დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობას ცეცხლი წაუკიდეს და ათზე მეტი მანქანა დაწვეს. საპროტესტო გამოსვლები გერეროს შტატის ქალაქ ჩილპანსინგოში გაიმართა.
დემონსტრანტები 2014 წელს ერთ-ერთი კოლეჯის 43 სტუდენტის გაუჩინარების საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციას ითხოვენ. ამასთან, ისინი აპროტესტებენ მარტში პოლიციასთან დაპირისპირების დროს ამავე კოლეჯის სტუდენტის გარდაცვალებას.
გერეროს შტატის ხელისუფლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობა გმობს ძალადობის აქტებს. ამასთან, ხელისუფლება აღნიშნავს, რომ მარტის მოვლენების შემდეგ შტატის შინაგან საქმეთა მდივანი გადადგა, სტუდენტის გარდაცვალებასთან კავშირში მყოფი პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ კი გამოძიებაა დაწყებული.
როგორც სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, აიოტზინაპას პედაგოგიური კოლეჯის სტუდენტები თავიანთი ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლებით გამოირჩევიან. მედიის ცნობით, მარტში დემონსტრანტებმა გაიტაცეს „პიკაპი“ და მისი გამოყენებით მეხიკოს ეროვნულ სასახლეში შეიჭრნენ, რომელიც ისტორიულ შენობას წარმოადგენს. დემონსტრანტები მაშინაც 43 სტუდენტის გატაცებას და სავარაუდო მკვლელობას აპროტესტებდნენ.