მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ პილოტირება 2020 წელს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ პილოტირება გაზაფხულზე იგეგმება და მასში 200-მდე სკოლის მეოთხე და მეექვსე კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან.
ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განმარტებით, პროექტი გულისხმობს მეოთხე და მეექვსე კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში [წიგნიერება] და მათემატიკაში [რაოდენობრივი წიგნიერება].
მისივე თქმით, იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება, როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება.
„შეფასება განვითარებისათვის“ – ეს არის პროექტი სკოლებისათვის, რომელიც სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება. შედეგები კი დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. 2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება. პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მეოთხე და მეექვსე კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. მომავალში ამ პროექტში მეათე კლასელების ჩართვაც იგეგმება.
პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ მოიცავს: მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით – მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად; შეფასების შედეგების ასახვას – მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს: მასწავლებლებს – დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე; მშობლებს – დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში; სკოლებს – შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია”,- აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.